უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
Batumi Daily
17 დეკემბერს აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელსაც 14 - მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების განხილვამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრებს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები გააცნო" - წერია უწყების განცხადებაში.
2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, იზრდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დაგეგმილია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მხარდაჭერა. ბიუჯეტში პრიორიტეტად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ასევე გაგრძელდება სახელოვნებო ორგანიზაციების მხარდაჭერაც. 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროექტები საოჯახო მეურნეობის მხარდასაჭერად.
იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც. გაზრდილი თანხა სოციალურ პროექტებსა და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო დაარიგებს სასურსათო კალათებს და 2021 წლის ბიუჯეტში ეს პროგრამულად არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტს, მისი დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე იზრდება სარეზერვო ფონდიც, რაც განმარტების მიხედვით, მოქალაქეების საჭიროებებს, ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდება.
2021 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაზრდილია საჯარო მოხელეების დაფინანსებაც. 50 ათასი ლარით მეტი ხელფასი გაიცემა მომავალ წელს აჭარის მთავრობის აპარატში, ვიდრე 2020 წელს. ბიუჯეტის მიხედვით მთავრობის აპარატში დასაქმებულთა, (რაც 68 პირს ითვალისწინებს) რაოდენობა არ იცვლება. ცნობისთვის, დასაქმებულთა რაოდენობა არც ერთ სამინისტროში არ იზრდება.
2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა გაზრდილია აჭარის სამინისტროებშიც:
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში – 1 015 00 ლარით;
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 30 700 ლარით;
ჯანდაცვის სამინისტროში – 165 200 ლარით;
სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 3 600 ლარით.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში