ცერცვაძე: ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, რეალურია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე, ახალი კორონავირუსის გავრცლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია ამასთან მისვე განმარტებით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად მცირეა და ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ. ცერცვაძემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, ხოლო ერთი კვირის შემდეგ უკვე იქნება პლატო და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა. „საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად არის მცირე, განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ ერთ მილიონ მოსახლეზე გადავითვლით. თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს ციფრი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, მინდა შევიტანო სიცხადე - ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომო ფორმებით, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით, სავსებით რეალურია. ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოშიც . პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი “ , - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.
#პანდემია
#კორონავირუსი
#თენგიზცერცვაძე
#tbilisidaily
0