რვაფეხა: ბათუმელების ბრძოლის სიმბოლო

0
ბათუმის გახსენებაზე სტუმრებს ხშირად ზღვა, მზე, თოლიები და დელფინები აგონდებათ. ადგილობრივებისთვის კი, ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც ბათუმს სხვა ზღვისპირა ქალაქებისგან გამოარჩევს, არის "რვაფეხა". ოფიციალურად - "კაფე ფანტაზია", რომელსაც უბრალოდ რვაფეხას სახელით იცნობენ ქალაქში. ეს შენობა მხოლოდ იმით არ გამოირჩევა, რომ აქ ბათუმელები ხშირად იკრიბებოდნენ. ეს ძეგლი უნებურად სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის მონუმენტი გახდა. რვაფეხა, როგორც არქიტეკტურული ძეგლი დღეს განახლებული ფორმით შემორჩა ქალაქს და ამჟამად იქ კაფე არ არის. არ შემორჩა არც პირვანდელი ფერების პალიტრა და ზუსტი ორნამენტები, თუმცა შენარცუნდა ფორმა. შენობა 1975 წელს აიგო. შენობის არქიტეკტორულ იერზე მუშაობდნენ გიორგი ჩახავა, ზურაბ კაპანაძე, ზურა ჯალაღონია, პაატა დობორჯგინიძე და ნოდარ მალაზონია. ისევე როგორც სხვა ბევრ ადგილას, რვაფეხაშიც ახალგაზრდების შეკრება შეზღუდული იყო საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. საღამოს 10 საათიდან აქ ვერ დაჯდებოდი - თურქეთის საზღვარი ახლოს იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნატოს საზღვარიც რვაფეხასთან ძალიან ახლოს გადიოდა. დროთა განმავლობაში შენობა მიატოვეს, კაფე დაიხურა და ფაქტობრივად 2000-იანი წლებიდან კაფე "ფანტაზია' დაცარიელებული კონსტრუქცია იყო. რვაფეხა დაზიანდა, თუმცა ფიზიკურ დაზიანებაზე უფრო სერიოზული წინააღმდეგობებიც გადალახა. 2014 წელს შენობას დანგრევა დაემუქრა, ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ ძეგლის აღდგენა შეუძლებელია. ისმოდა ორაზროვანი განცხადებებიც. ბოლოს, ბათუმელებმა აქცია გამართეს. აქციას საკრებულოს რამდენიმე წევრიც შეუერთდა. ამის მიუხედავად, იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლები მაინც აცხადებდნენ, რომ "კაფე ფანტაზიის" შენობა ძეგლი არ არის და აღდგენას არ ექვემდებარება. 2016 წლამდე გაიწელა შენობის რეაბილიტაციის საკითხიც, საზოგადოება "ბათომისა" და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივების მიუხედავად. რვაფეხის აღდგენის ისტორიაც ისეთივე პრობლემური აღმოჩნდა, როგორც მისი დაცვის. ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობა 2016 წელს შემცირდა და რვაფეხას რესტავრაციის დაფინანსება "ქართუმ" განიზრახა. თუმცა გაკეთდა განცხადებები, რომლის თანახმადაც შენობა პირვანდელი სახით მაინც ვერ აღდგებოდა. ბოლოს, 2019 წლის 21 აგვისტოს მთავრობამ საზეიმოდ გახსნა ნაგებობა, თუმცა ის ხალხი და ორგანიზაციები, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა შენობის შესანარჩუნებლად გახსნაზე არ დაუპატიჟებია. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ასე მიულოცა ბათუმელებს შენობის შენარჩუნება: "მსურს ყველა ბათუმელს და ბათუმის სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის აღდგენა. წლების განმავლობაში „რვაფეხა“ იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც აღადგინა „რვაფეხა“, და ყველა ბათუმელს მივულოცო". თუმცა არ უხსენებია, რომ მისივე მთავრობის გადაწყვეტილებისგან იყო საჭირო შენობის დაცვა და რომ მისი გადარჩენა საზოგადოების აქტიურობას უკავშირდებოდა და არა მხოლოდ ფონდ "ქართუს". ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე გივიაშვილი შენობას კი ასე აფასებს საკუთარ სტატიაში: "’რვაფეხა’ მართალია, საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა. მეტიც, ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესიულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. გარდა ამისა, არქიტექტორ გიორგი ჩახავას კონსტრუქცია იმ დროის პროგრესული მიღწევების ნიმუშია". დღესაც, რვაფეხა არამხოლოდ ანტისაბჭოურ, არამედ გაბატონებული სისტემის წინააღმდეგ სვლის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ანტისაბჭოური ხელოვნების ეს სიმბოლო თავისუფლების მონუმენტიც გახდა იმის მიუხედავად, რომ პირვანდელი სახით ვერ აღდგა. #ხელოვნება #რვაფეხა #კაფე_ფანტაზია #ანტისაბჭოური_ხელოვნება #batumidaily
0