აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სომხეთი და აზერბაიჯანი ხელშეკრულებას არღვევენ

0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში „2019 წელს, იარაღის კონტროლზე, გავრცელებასა და განიარაღებაზე არსებული შეთანხმებებისა და ვალდებულებების დაცვა-შესრულების შესახებ“. ზემოთ აღნიშნული ყოველწლიური დოკუმენტი მიმართულია შეიარაღების კონტროლის დარღვევებზე და მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ მის შეუსრულებლობაზე. ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიური 2 სახელმწიფო - სომხეთი და აზერბაიჯანი არღვევს „ევროპის კონვენციური შეირაღებული ძალების შესახებ“ ხელშეკრულებას, ცნობილს როგორც CFE (The Treaty on Conventional Armed Forces in Europe). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთის თავდაცვის ძალების ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ) საერთო რიცხვი, 2019 წლის მოცემულობით აჭარბებს ხელშეკრულებით განსაზღვრული შეიარაღების რაოდენობას, ხოლო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა შეშფოთების საფუძველს იძლევა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ სახელმწიფოს შეიარაღებული ტექნიკის ჯამური რაოდენობა ასევე აჭარბებს დადგენილ რიცხვს, ხოლო სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა აგრეთვე იძლევა შეშფოთების საფუძველს. დამატებით, ოფიციალურმა ბაქომ ვერ შეძლო 2019 წლის მანძილზე ჩატარებული სამხედრო წვრთნების საერთო რაოდენობის წარმოდგენა, რომელიც ე.წ. VD11 დოკუმენტის, იგივე Vienna document on Confidence-ის საფუძველზე ევალებოდა. The Treaty on Conventional Armed Forces in Europe (CFE) „ცივი ომის“ ბოლო წლებში შეიქმნა და ევროპის ტერიტორიაზე (ატლანტიკის ოკეანედან ურალის მთებამდე) არსებული კონვენციური სამხედრო შეიარაღების ძირითად კატეგორიებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა, ხოლო ამავე შეიარაღების გადამეტებული/ჭარბი რაოდენობის განადგურებას მოითხოვს. „ცივი ომის“ პერიოდში მიღებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა იმ თანაბარი „შუალედის“ პოვნა, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) და ე.წ. ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყნებს დააბალანსებდა. „ნატოსთვის“ და „ვარშავის პაქტის“ მონაწილე ქვეყნებისთვის დადგენილია 20 000 ერთეული ტანკის, 30 000 ერთეული ამფიბიური საბრძოლო მანქანის, 20 000 ერთეული მძიმე საარტილერიო დანადგარის, 6 800 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავის და 2 000 ერთეული საბრძოლო ვერტმფრენის ყოლა ხელშეკრულების გავრცელების ტერიტორიაზე. თითოეული ზემოხსენებული ალიანსის წევრ-სახელმწიფოებზე იყოფოდა შეირაღების აღნიშნული რაოდენობა (საბჭოთა კავშირისთვის დაწესებული ლიმიტი 1992 წელს რვა სახელმწიფოზე განაწილდა). ნებისმიერი სახელმწიფოსთვის იარაღის ასიმეტრიული (გადაჭარბებული) რაოდენობის თავიდან ასაცილებლად, ცალკეული ქვეყნებისთვის აიკრძალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობის მესამედზე მეტის ყოლა. 2007 წელს, რუსეთმა ფორმალურად „შეაჩერა“ ხელშეკრულებაში მისი მონაწილეობა, ხოლო 2015 წლის 10 მარტს, „ნატოს მხრიდან დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების დე-ფაქტო რღვევაზე აპელირებით“, სრულად დატოვა ის. რაც შეეხება ე.წ. ვენის დოკუმენტს (VD11), მასში შემდეგი რამ არის გათვალისწინებული: 1. სახელმწიფოებმა ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სამხედრო ძალების რაოდენობის, მათ შორის ცოცხალი ძალისა და შეიარაღებული ტექნიკის თაობაზე, ასევე განლაგების გეგმაზე და ბიუჯეტზე; 2. სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ სამხედრო საქმიანობის (მათ შორის ჩატარებული წვრთნების) შესახებ ინფორმაცია; 3. წლის მანძილზე უნდა შემოწმდეს მათი 3 სამხედრო ობიექტი (გამოირიცხება გარკვეული განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები); 4. მიიწვიონ უცხო ქვეყნების წარმომადგენლები მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. აქვე იგულისხმება ჟურნალისტების ჩართვა სამხედრო საქმიანობის გასაშუქებლად; 5. სამხედრო აქტივობის ან დაძაბულობის დროს ითანამშრომლონ და მიიღონ კონსულტაციები. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#USA
#state
#department
#Armenia
#Azerbaijan
#treaty
#arms
#headline
0