ბეთლემის 3 ნომერში ერთი პატარა, ხის სახლი მდებარეობს, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ძველი თბილისის არქიტექტურული სამკაული. შენობა მე-19 საუკუნის ანტიკვარულ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც ერთნაირად იზიდავს, როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს.
სახლი ბეთლემის ქუჩაზე ერთადერთი ნაგებობაა დედაქალაქში, რომელსაც ვიტრაჟებიანი სადარბაზო აქვს. მას შეგვიძლია სახლი-კალეიდოსკოპიც კი ვუწოდოთ: არაფრით გამორჩეული კარების შეღების შემდგომ მნახველი ჯადოსნური სანახაობის მომსწრე ხდება - ზღაპრული, სპირალური კიბის ავლის შემდგომ ჩვენს თვალწინ ფერადი მინის ნატეხებისგან შექმნილი მხატვრული კომპოზიცია იშლება.
სახლის არქიტექტურა და ვიტრაჟის ხელოვნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ვიტრაჟის ფერად მასალაში გამავალი სინათლე იფერება, რითაც იგი იგი განსაკუთრებულ ემოციურ ატმოსფეროს ქმნის ინტერიერში. კოლორიტი გემოვნებიანად შეხამებულია. ლურჯი, ყვითელი და წითელი ფერები მსუბუქ, თბილ და სასიამოვნო გარემოს წარმოქმნიან. აივნები მორთულია დახვეწილი ჩუქურთმებითა და ორნამენტებით.
ამგვარად, ძველებური აივანი, ჩუქურთმები, ხის სადარბაზო და სპირალისებრი კიბე განსაკუთრებით იხდენს დეკორატიულ მინას, რაც საბოლოო ჯამში უნიკალურ არქიტექტურულ სტილს აყალიბებს. სახლი ვინტაჟურია, თუმცა მას ორნამენტები თანამედროვე იერსაც აძლევს, ვიტრაჟები კი ვიქტორიანული სტილის ელემენტებს შეიცავს.
ცნობილი არ არის ვინ ააშენა მე-19 საუკუნეში ეს უნიკალური სახლი და ვინ იყო მისი მეპატრონე, თუმცა არსებული წყაროების მიხედვით, იგი ებრაული საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა.
დღეისათვის, ბეთლემის 3 ნომერში წარმოდგენილია გალერეაც. ამ პატარა სივრცეში თავმოყრილია უამრავი საინტერესო ავტორის ნამუშევარი, ტურისტებს კი საშუალება ეძლევათ უფრო მეტი გაიგონ ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ.
ბეთლემის 3 ნომერში მდებარე სახლი არის ყველასთვის, ვისაც უყვარს ხელოვნება, არქიტექტურა და ფოტოგრაფია. ნამუშევარში ბევრი ფერია გათამაშებული, ეს ფერადოვანი მინები კი ფოტოებისთვის ზედგამოჭრილ ბექგრაუნდს ქმნის. ამიტომ, თუ სახლის მონახულებასა და ფირზე აღბეჭდვას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ ფოტოსესიის მსურველთა გრძელ რიგში ჩასადგომად.
#ბეთლემისქუჩა
#სახლი
#ვიტრაჟი
#აივანი
#ძველითბილისი
#tbilisidaily