სამყარო უფრო გონიერი გახდება — დევიდ ლინჩი პანდემიის შედეგებზე

0
მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილთან ერთად ცნობილი კინოხელოვანიც, დევიდ ლინჩიც ლოს-ანჯელესში, თავის სახლში თვითიზოლაციაშია. სწორედ კარანტინში გატარებულ დღეებზე ესაუბრა რეჟისორი Vice-ს ახალ ინტერვიუში: "ჩემი ყოველდღიური რუტინა თითქმის არ შეცვლილა: ვიღვიძებ, ყავას ვსვამ... შემდეგ მედიტაციით ვკავდები და მუშაობას ვიწყებ", — ამბობს დევიდ ლინჩი. შეიძლება იფიქროთ, რომ Twin Peaks-სა და Mulholland Drive-ის შემოქმედი ახალ კინო ან სატელევიზიო პროექტზე მუშაობს, თუმცა ის რეალურად "ორ კედლის სანათს — ორ პატარა ლამპას" ქმნის. ელექტრობას მის ფილმებში დიდი მნიშვნელობა აქვს და ლინჩი კარანტინში მის ღირებულებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა: "სად ვიქნებოდით ახლა ელექტროენერგიის გარეშე?" ჟურნალისტის კითხვაზე, რა გაკვეთილს მისცემს კორონავირუსის პანდემია კაცობრიობას, რეჟისორმა ასე უპასუხა: "რაღაც მიზეზით სწორი გზიდან გადავუხვიეთ და დედა ბუნებამ გვითხრა: "უკვე საკმარისია, ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს". ამჟამინდელი მდგომარეობა საკმარისად დიდხანს გასტანს, რომ აზროვნება სრულიად განსხვავებულად დავიწყოთ". დევიდ ლინჩი იმედოვნებს, რომ კარანტინის დასრულების შემდეგ ადამიანები მთელ მსოფლიოში "უფრო კეთილები" იქნებიან და მეტად დააფასებენ არამატერიალურ ღირებულებებს: "ამის შემდეგ სამყარო შეიცვლება და ის უფრო გონიერი გახდება. არსებული პრობლემების მოგვარების გზებს მალე ვიპოვით და ცხოვრება ძალიან კარგი იქნება. ფილმები ისევ დაბრუნდება და საერთოდ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. შესაძლოა, უკეთესი სახითაც კი".
#დევიდლინჩი
#პანდემია
#კორონავირუსი
#კორონავირუსისშედეგები
Tbilisi
0