პანდემია და კულტურული ღონისძიებები რეალური სივრცის მიღმა

0
იკრძალება ყველა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიება ღია და დახურულ სივრცეში - საქართველოს მთავრობის ამ დადგენილების შემდეგ ქვეყნის კულტურული ცხოვრება სრულად გარდაიქმნა. აიკრძალა კონცერტები, სპექტაკლები, რეპეტიციები, გასტროლები, დროებითი თუ მუდმივი გამოფენები. კულტურას კარანტინის პირობებში არსებობის გასაგრძელებლად დარჩა ერთადერთი გზა - დისტანციური გამოხატვის ფორმა. ერთი შეხედვით, გლობალური პანდემიის პირობებში კულტურული ცხოვრება კუთხეში მიმწყვდეული აღმოჩნდა, თუმცა მან ვირტუალური ინტეგრაციით მაინც მოახერხა სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და შემოქმედებითი იმპულსის გაჩენა იქ, სადაც მთელი სამყარო გაჩერდა. კულტურამ თვალი გაუსწორა ექსტრემალურ სიტუაციას და მალევე გადაეწყო ახალი რეალობის რელსებზე - მან არსებობა დაიწყო რეალური სივრცის მიღმა. დღეს მსოფლიოს შემოქმედებითი ცხოვრება ტრანსფორმაციას განიცდის - მდიდრდება ახალი ფაქტებით, მოვლენებითა და აქამდე არარსებული გამოცდილებით. კულტურისა და ხელოვნების ბუნება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან კონცეპტთან, როგორიც ინტერპრეტაციაა. სწორედ ამ უნარმა - ინტერპრეტაციამ და არსებული გამოცდილების გადაძლევის მცდელობამ პანდემიის რეალობაშიც კი შეგვინარჩუნა წვდომა კულტურულ აქტივობებზე. ინტერპრეტაციისკენ გზა თანამედროვე კულტურასა და ხელოვნებას ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაუხსნა. მას ახლა უწევს არ ჩამორჩეს ინტერნეტ-სივრცის სწრაფმავალ მატარებელს, ინტეგრირდეს მის პლატფორმებთან, უპასუხოს დროით და სივრცით გამოწვევებს, ამ ყველაფრის ფონზე კი მსმენელსა თუ მაყურებელს ახალი კომუნიკაციური შესაძლებლობები შესთავაზოს. ეპიდემიის პირობებში საქართველოს შემოქმედებითი ცხოვრებაც აგრძელებს არსებობას. კულტურული დაწესებულებები საზოგადოებას ონლაინსპექტაკლებს, ვირტუალურ მუზეუმებსა და გამოფენებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ალბათ, ვერავის წარმოგვედგინა თუ მსახიობები Zoom-ის პროგრამაში წაგვიკითხავდნენ პიესებს, ანდაც თუ მომღერლები ონლაინ-კონცერტებს გაგვიმართავდნენ, მაგრამ კორონავირუსმა სრულად მოახდინა ჩვენი ცხოვრების დეკოსტრუქცია და ეს შემოქმედებით არტერიებსაც შეეხო. დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ვირტუალურ კონცერტზე გვიწვევს და ონლაინ რეჟიმში ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიითა თუ დმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებით გვატკბობს, თბილისის კონსერვატორიამ კი მსმენელები ბოროდინის სახელობის კვარტეტის ონლაინ–კონცერტზე მიგვიპატიჟა. ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც თეატრები დისტანციური სპექტაკლებით გვანებივრებენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ვირტუალურ სივრცეში ოპერა „სიმონ ბოკანეგრას“ და ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მოსმენის საშუალება მოგვცა. არც ჯუზეპე ვერდის განთქმული ოპერა „ტრავიატას“ გარეშე ჩაუვლია კარანტინის დღეებს, ბაროკოს ეპოქის მუსიკის თბილისის ფესტივალმა კი მუსიკის ვარსკვლავების ონლაინ-კონცერტის სანახავად თავისი ოფიციალურ YouTube-არხი შემოგვთავაზა. შეცვლილ რეალობას ფეხი აუწყო ქართულმა კინომაც. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ახალი ქართული ფილმების ონლაინ-კინოჩვენებები დაიწყო. ინიციატივას შეუერთდნენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან ლევან კოღუაშვილი, ნანა ჯანელიძე, ლევან თუთბერიძე, ნუცა ალექსი–მესხიშვილი და სხვ. ონლაინ–სეანსები მიმდინარეობს ოფიციალურ Facebook–გვერდზე, სადაც ქართველი რეჟისორები თავად აქვეყნებენ საკუთარი ფილმების ბმულებს. არც ქართული ხალხური ცეკვებისა და ხალხური სიმღერების მოყვარულები დარჩენილან იმედგაცრუებულები. ამსამბლმა , , ერისიონმა” ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ონლაინ-კონცერტი გამართა. ახალგაზრდა ქართველ არტისტებსაც არ მოუქცევიათ კარანტინში შემოქმედებითი პროცესი. პოპულარულმა დიჯეიმ და კომპოზიტორმა, გიგა პაპასკირმა თვითიზოლაციის პერიოდში რამდენიმე კომპოზიცია შექმა, მათ შორისაა ტრეკი ტექნო ჟანრში, სახელწოდებით - Covid-19, მუსიკოსმა, გიორგი პავლიაშვილმა კი, ფსევდონიმით მასტერი, მსმენელს ახალი კომპოზიცია , , დარჩი სახლში" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლი შესთავაზა. მხატვრებმა შექმნეს ნახატები, რომლებიც კარგად ასახავენ ცხოვრებას კორონავირუსის პირობებში. პანდემია ქუჩის არტისტებისთვისაც შთაგონების წყარო აღმოჩნდა. იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ფიროსმანის ცნობილი ნახატების სიუჟეტებიც კი გარდაქმნეს და ისინი დღევანდელ რეალობას მოარგეს. , , ვერცერთი კულტურა ვერ იცოცხლებს, თუ შეეცდება, ჩაკეტილი იყოს, ” - წერდა ინდოელი პოლიტიკოსი და სულიერი ლიდერი, მაჰათმა განდი. შეიძლება ითქვას, დღეს კულტურული ცხოვრება არ ჩაკეტილა - მან უარი თქვა სრულ თვითიზოლაციაზე და მიაგნო თვითგამოხატვის ალტერნატიულ, ვირტუალურ ფორმებს.
#კულტურა
#პანდემია
#კორონავირუსი
#ხელოვნება
#ოპერა
#კინო
#თეატრი
#tbilisidaily
0