კორონავირუსის პირობებში, დროა საქართველომ ტურისტული სტრატეგია შეიცვალოს

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აჭარის რეგიონი და ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოში, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. 2020 წლის ტურისტული პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია - კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები ტურიზმს შეამცირებს, საქართველოს ეკონომიკაში კი ამ სფეროს ძალიან დიდი წილი უკავია. თუმცა ის, რომ წელს ტურიზმის წილი შემცირდება, არ ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყო გამოყენებული. კორონავირუსი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც აჭარის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას უშლის ხელს. 2014 წლიდან 2019 წლამდე, 16%-დან 19%-მდე გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან ტურისტთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორებს შორის. ამავე მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქეები შემოდიოდა, თუმცა 2019 წელს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა წილი თითქმის გათანაბრდა. უფრო მეტი ადამიანი შემოდის სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და სხვა დაბალშემოსავლიანი ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, ვიდრე უფრო განვითარებული სახელმწიფოებიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელს მხოლოდ 7.3% იყო. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორები 27 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს გულისხმობს და არა - ერთი რომელიმე სახელმწიფოდან. რა არის პრობლემა? ტურიზმში, ისევე როგორც ბიზნესის სხვა სახეობებში, ქვეყნის იმიჯსა და რეკლამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეტია ასევე კონკრეტული ქალაქის, მაგალითად, ბათუმის იმიჯიც. იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო მეტ დასავლურ გამოცემაში იბეჭდება საქართველოს შესახებ (CNN, BBC, Vogue), ტურიზმის დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცესაა მიბმული. ეს, თავის მხრივ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბათუმი ჯერ კიდევ ის საბჭოთა ქალაქია, როგორიც ადრე იყო. ამ იმიჯის შესაცვლელად 2019 წლამდე რაიმე მიზნობრივი აქტივობა არ ჩატარებულა. კერძოდ, 2019 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა რუსულ არხებზე რეკლამაში იხარჯებოდა. რუსეთის ტელევიზიები გამოირჩევიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებით - ხშირად პოლიტიკური დაპირისპირების გვერდით გადიოდა რეკლამა ბათუმსა ან თბილისზე, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში კარგად მღერიან, ცეკვავენ და კარგ საჭმელს აკეთებენ, ამიტომ პოლიტიკურად კი "არასწორი" ქვეყანაა საქართველო, მაგრამ რუს ტურისტებს მაინც ეპატიჟება. ასეთმა მიდგომამ ქვეყნის იმიჯი კულინარიამდე და ცეკვამდე დაიყვანა, რაც ქვეყნის კულტურის ზედმეტი გამარტივებაა. რუსული პოზიციიდან საქართველო თითქმის ორიენტალური ოცნება გახდა და არა - რეალური ქვეყანა, რეალური პრობლემებითა და რეალური, რუსეთისგან დამოუკიდებელი ისტორიით. ასეთმა მიდგომამ უფრო პრაგმატული საკითხებიც დააზარალა - რუსეთის ბევრ მოქალაქეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ტურიზმი მათი ფულით ხარობს და ქვეყანა მათი მადლიერი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ეს მოსაზრება 19%-ით სიმართლეც კი აღმოჩნდა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ზედმეტად მიეჯაჭვა რუს ტურისტებს. "რეკლამის განთავსება პირველ რიგში იმ ქვეყნებში უნდა მოხდეს, საიდანაც გვინდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვვნელოვანია ვნახოთ, ამ ქვეყნიდან შემოსული ტურისტები რამდენს ხარჯავენ. მიზნობრივ ქვეყნებში, ბუნებრივია, რეკლამა უნდა განთავსდეს, რათა მეტი ადამიანი ჩამოვიდეს" - განახადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობულიამ ნეტგაზეთისადმი 2019 წელს ინტერვიუს დროს, როდესაც რეკლამის განთავსებამ რუსულ არხებზე იკლო. რეკლამის შეწყვეტა დაგვიანებული, თუმცა სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. 20 ივნისის პროტესტების ფონზე Spend Your Summer in Georgia ინიციატივამ საქართველოს იმიჯის გამოსწორებას საფუძველი ჩაუყარა. თუმცა მაინც პრობლემურია, რომ ბათუმში ტურიზსმის სექტორი რუსულენოვან ტურისტებზეა მორგებული უფრო მეტად, ვიდრე ინგლისურენოვან დამსვენებელზე. კერძოდ, ქალაქში რუსულენოვანი მომსახურება იმდენად ნორმალური გახდა, რომ არა მხოლოდ სტუმარს, არამედ ადგილობრივსაც შეიძლება რუსულად მოემსახურონ. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ბათუმი არა ქართული კურორტი, არამედ საბჭოთა რივიერაა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ბათუმი "თურქების ქალაქი" კი არა, რუსულენოვანი ქალაქი გახდა. ბუნებრივია, საჭიროა ალტერნატიული ბაზრების მოძიება რუსულ მიჯაჭვულობასთან გასამკლავებლად. რუსული ბაზრის კარგი ალტერნატივა ახლო არმოსავლეთის ქვეყნებია. უკვე წლებია, დუბაი-თბილისისა და დოჰა-თბილის მიმართულებით რეგულარულადაა ხელმისაწვდომი ფრენები. საქართველო იმითაა ამ ბაზარზე მომგებიანი, რომ აღმოსავლეთის არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებთან ძალიან ახლოს მდებარეობს (მიახლოებით, 3 საათი თვითმფრინავით), მაგრამ მათგან კულტურულად მკვეთრად გამოირჩევა. ეს განსხვავებულობა კი იზიდავს აღმოსავლელ ტურისტებს. არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ყატარის ეკონომიკები კი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია მსოფლიოში. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ როგორც წესი, ასეთი ტურისტები უფრო თბილისში ჩადიან და ბათუმის აეროპორტში პირდაპირი ფრენები არ არის. აღმოსავლეთთან უფრო ფართო მიმოსვლა, ქუთაისში ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლის მსგავსად, აჭარის ეკონომიკას გაცილებით დიდ სარგებელს მოუტანს, ვიდრე მხოლოდ თბილისში ფრენები. ხშირად, 3-4 დღით ჩამოსულ ტურისტს 5 საათი მატარებლით მგზავრობის დრო ან სურვილი არ გააჩნია. რომ შევაჯამოთ, კორონავირუსი არ არის ტურიზმის მთავარი გამოწვევა. მთავარი გამოწვევაა ქვეყნის პოზიციონირება, როგორც პოსტ-საბჭოთა "ახლო საზღვარგარეთის". აუცილებელია, ტურიზმი იყოს ორიენტირებული ევროკავშირის ქვეყნებზე და აღმოსავლეთის განვითარებულ ეკონომიკებზე. აღმოსავლეთთან მიმოსვლის დამყარებამ შესაძლოა, ქვეყანას ისეთივე სარგებელი მოუტანოს, როგორც ევროკავშირთან გაადვილებულმა მიმოსვლამ. კორონავირუსით გამოწვეული ტურისტული "შესვენება" კი კარგი დროა ახალ სტრატეგიაზე დასაფიქრებლად. #ტურიზმი #რუსეთი #აღმოსავლეთი #ბათუმი #batumidaily
0