აკაკი წერეთელი (1839-1915)
თერგდალეულთა პლეადიდან იყო ყველაზე პოპულარული პიროვნება. მისი ბრწყინვალე პოეზია ხახლმა გაითავისა, ჭირისა და ლხინის თანაზომიერად გაიხადა. აკაკი, ილიასთან ერთად ებრძოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ჩამორჩენილობას, მის მანკიერ მხარეებს და საზოგადოებრივ აზრს განაწყობდა თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ.
აკაკი წერეთელმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებშივე ამოუდგა გვერდით ილია ჭავჭავაძეს, მისი მახვილი სატირა "ცისკრის" ფურცლებზე რომ იბეჭდებოდა, ამხელდა "მამათა" იდეურ ჩამორჩენილობას.
1863 წლეს დაბრუნდა თბილისში და მთელი გატაცებით ჩაება საზოგადოებრივ მოძრაობაში. პირველ ხანებში ცხოვრობდა ქუთაისში და აქტიურად მონაწილებოდა ეროვნულ მოღვაწეთა იქაური წრის საზოგადოებრივ საქმიანობაში.
1867 წლიდან აკაკი თბილისში გადმოვიდა და გაზ. "დროების" აქტიური თანამშრომელი გახდა. "დროების" რედაქტორი ს. მესხი 1875 წელს აღნიშნავდა აკაკი ყველაზე უფრო ნიჭიერია და ყველაზე უფრო გამოსადეგი გაზეტისათვის. ამისთანა ცოცხალი კალამი, მარჯვე, მკვირცლი სიტყვა, ირონია და ადვილიწერის ნიჭი არცერთ ჩვენ მწერალს არა აქვს. ამიტომ ძვირფასად მიმაჩნია ის გაზეთისათვის და საზოგადოდ ჩვენი ლიტერატურისათვის". მართლაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის თანამედროვე მწერალთაგან არავის არ ჩაუხედია ქართველი კაცის სულის კუნჭულებში ისე ღრმად, როგორც აკაკის, არავის უტყორცნია მტრის ბანაკში ცრემლსა და ნაღველში ნაბანი იმდენი ისარი, რამდენიც აკაკის, არავისარ შეუთრთოლებია ერის გულის სიმები ისე ძლიერად, როგორც აკაკის, და ბუნებრივია ამგვარი პოპულარობა, სახალხო სიყვარული არავის ღირსებია.
აკაკი ერთერთი მთავარი ბურჯი და ფალავანი იყო ახალი თაობისა. ილიასთან ერთდ ეჭირა მას ხელში ის დროშა, რომელზედაც ქართველი ხალხის ეროვნული თავისუფლება, დემოკრატიული წყობილება და საზოგადოებრივი პროგრესი იყო წარწერილი.