EMC: ხელისუფლებამ უარი თქვა კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის სტრატეგიაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება. ცენტრის განცხადებით, ხელისუფლებამ უარი თქვა არსებული პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის სტრატეგიაზე და ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს რეპრესიული აპარატი და მექანიზმებია: „სამწუხაროდ, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, ხელისუფლებას მიეღო ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არ გაიზიარა. დღეს დილით ნიკა მელიას შტურმითა და მასშტაბური სპეციალური ოპერაციით დაკავების მანერა და ფორმები, მათ შორის, ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის დახურულ სივრცეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება და ზოგიერთი აქტივისტის თვითნებური დაკავება, არაერთ სამართლებრივ კრიტიკას აჩენს. კითხვები ჩნდება პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მთლიანობაში ამ საქმის საერთო პოლიტიკური, მათ შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტი, უმძიმეს კითხვებს წარმოშობს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. ცხადია, ამ პირობებში ჩნდება შიშიც, რომ ხელისუფლება რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას მოახდენს და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა დემოკრატიული წუხილების მიღმა, სოციალურ წუხილებსაც წარმოშობს და უიმედობის საერთო ფონს აღრმავებს". EMC მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალის გამოყენების სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და მშვიდობისთვის. ცენტრი მიმართავს პოლიტიკურ ოპოზიციასაც და მოუწოდებს მათ გადადგან დეესკალაციისკენ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯები. შეგახსენებთ, 23 თებერვლის დილას, სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის ოფისში, ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავების ოპერაციისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ნიკა მელიას გარდა სამართალდამცავებმა სამოქალაქო აქტივისტებიც დააკავეს. 23 თებერვალს, 7:30 საათისთვის, საპოლიციო ძალები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეცრაზმელი. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ. 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან. ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და "ქართული ოცნება" გავრილოვის დავალებას ასრულებს. მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31116849.html #ახალი_ამბები #twitter