ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბუჩიდან გაკეთებული ვიდეოჩათვისთვს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ მიიჩნია ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ გაკეთებული ვიდეო-ჩართვა.
8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად გაიმეორა იაშინის სიტყვები, რომელიც მან ჩართვისას თქვა, მათ შორის მისი ფრაზა: „ვფიქრობ, რომ შეეცდებიან ბევრი ადამიანი დაადანაშაულონ „ყალბი ცნობების“ გავრცელებისთვის“.
9 დეკემბერს იაშინის მხარდასაჭერად სასამართლოში ათობით ადამიანი მივიდა. ყველამ ვერ შეძლო სასამართლო დარბაზში შესვლა, პირდაპირი გადაცემა ცალკე ოთახში იყო ორგანიზებული.
პროკურატურის ინფორმაციით, იაშინმა დანაშაული 7 აპრილს იუტუბზე პირდაპირ ეთერში ჩაიდინა. ოპოზიციის ლიდერმა მოიყვანა მტკიცებულება, რომ ბუჩის მაცხოვრებლები რუსმა სამხედროებმა დახოცეს, მაგრამ ასევე მიმოიხილა რუსული მხარის არგუმენტები, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არ მონაწილეობდა მათ მოკვლაში და მომხდარს ყალბს უწოდებს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ იაშინის სახელით ტელეგრამის არხზე მიმართვა გამოქვეყნდა. ...“ჩვენ სიმართლე ვთქვით ომის დანაშაულებზე და გამოვთქვით მოწოდება სისხლისღვრის შეწყვეტისკენ,“ წერს იაშინი, რომელიც თვლის, რომ ამ განაჩენით, „ხელისუფლებას სურს ყველა დაგვაშინოს, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ სისუსტეს აჩვენებს. ძლიერი ლიდერები მშვიდები და თავდაჯერებულები არიან და მხოლოდ სუსტები ცდილობენ ყველა დაადუმონ, ყოველგვარი განსხვავებული აზრის მოსპონ. ასე რომ, დღეს შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც ითქვა ჩემი დაკავების დღეს: მე არ მეშინია და თქვენ ნუ გეშინიათ“, - განაცხადა იაშინმა.
ორშაბათს სასამართლოში თავის ბოლო სიტყვაში იაშინმა თქვა, რომ მზად იყო პატიმრობისთვის. ”არაფერს არ ვნანობ,” თქვა მან. ”შემეძლო გავქცეულიყავი, შემეძლო გაჩუმება. მაგრამ მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. უკეთესია ათი წელი გისოსებს მიღმა გაატარო და დარჩე პატიოსან ადამიანად, ვიდე მდუმარედ სირცხვილმა დაგწვას იმისთვის, რასაც შენი სახელით სჩადიან," თქვა მან.
ევროკავშირმა იაშინის განაჩენის გამოტანის წინა დღეს კვლავ მოითხოვა მისი და რუსეთის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32169445.html
Source: radiotavisupleba.ge