ქართული პროტოკოლი და დებატები პრეპარატ პლაქვენილის გარშემო

0
სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ ქვეყნებში მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდა. ამ დრომდე კლინიკურ ცდებს გადის რამდენიმე პრეპარატი, რომელთა მიმართაც არაებობს ჰიპოთეზა, რომ მათ შეუძლიათ კოვიდინფიცირებული პაციენტების განკურნება ან სიმპტომების შემსუბუქება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი. პლაქვენილი აქამდე მალარიის, ამებიაზის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, შემაერთებელი ქსოვილის და კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქლოროქინს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იყენებენ. ის 1934 წელს ჰანს ანდერსაგმა შექმნა. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აღნიშნული მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ. , , რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია, ” - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის პირველი პირის განცხადებას. როგორც გაირკვა, ინფექციური საავადმყოფო პლაქვენილს თებერვლის თვიდან იყენებს, რადგან სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად ქართველი ინფექციონისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულ მედიკამენტებს შორის პლაქვენილი ყველაზე ეფექტურია. აღნიშნული პრეპარატი ამსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნას. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პლაქვენილი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისტუტე, გონების დაბინდვა და რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუმცა სოციალურ ქსელში სრულიად გამსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რაც შემდგომ დიდი ვნებათაღელვისა და დებატების საგანიც გახდა. მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოში არსებული მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა. მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ამ პრეპარატს არ აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და მეტიც, მან შეიძლება პაციენტებში მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. მედიკოსის განცხადებით, მიიღო რამდენიმე საგანგაშო წერილი კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც სწორედ პლაქვენილის მეთოდით მკურნალობენ. გურულმა აღნიშნა, რომ პლაქვენილი რამდენიმე კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ. , , ბატონი გურული სტყუის, თან უსინდისოდ, ” - ასე გამოეხმაურა ქართული პროტოკოლის თანაავტორი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის კრიტიკას. მისი თქმით, ზურაბ გურულის პოსტი იყო ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაცია. ცერცვაძის განცხადებით, ქართულ პროტოკოლში გაწერილია, რომ უსიმპტომო პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და აღნიშნული პრეპარატი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, თანაც ექიმის დანიშნულებით. ცერცვაძემ განმარტა ისიც, რომ პროტოკოლის მიხედვით, „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ”. ამგვარად, იგი უარყოფს ექიმ ზურაბ გურულის ბრალდებას, რომ საქართველოში პლაქვენილს უსიმპტომო პაციენტებისთვის ან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მკურნალობისას სწორედ პრეპარატ პლაქვენილს იღებდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. , , ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რომელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემთხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ავადე­ბა. იქ, სადაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერთვე­ბა და სუნთქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა"- ჰყვება ნიკოლოზ გამყრელიძე. თუმცა გუშინ გამყრელიძემ , , ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პლაქვენილს იღებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაავადების ყველა სიმპტომი გამოეხატა. მისი თქმით, პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ ჰქონია და არც რაიმე სახის უკუჩვენება უგრძვნია. პლაქვენილის გარშემო მიმდინარე დებატებს ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის შვილს სწორად უმკურნალეს. გამყრელიძემ სრული ნდობა გამოუცხადა თენგიზ ცერცვაძესა და საქართველოში მოქმედ პროტოკოლს. მან ახალგაზრდა კოლეგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმის კრიტიკისგან. ასეა თუ ისე, დღესდღეობით არ არსებობს, ზუსტი კვლევა, დასკვნა თუ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა მედიკამენტი კურნავს კორონავირუსს და ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს - მედიკოსები საქართველოსა და მსოფლიოში დღეს იყენებენ ექსპერიმენტულ პრეპარატებს და ხელმძღვანელობენ მხოლოდ არსებულ გამოცდილებასა და მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით.
#პლაქვენილი
#კორონავირუსი
#პრეპარატი
#tbilisidaily
0