სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებებს ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა
Interworld
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თოვუზის/თავუშის სასაზღვრო მონაკვეთზე მიმდინარე შეტაკებებს აზერბაიჯანული არმიის გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი და საარტილერიო კორპუსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი ემსხვერპლნენ. გარდა ამისა, დაიღუპნენ მაიორი ნამიქ აჰმედოვი, მაიორი ანარ ნოვრუზოვი, ზემდეგი ილგარ ზეინალი, ზემდეგი იაშარ ბაბაევი და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე ელჩინ მუსტაფაზადე.
გარდა ამისა, სომხური მხარის მხრიდან განხორციელებული შეტევების შედეგად დაიბომბა სოფლები - აგდამი და დონდარ გუშჩუ, რასაც ერთი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის მხრიდან საერთო მსხვერპლის რაოდენობა 11-ს უტოლდება.
საპასუხოდ, აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების საარტილერიო შეტევების შედეგად დაიღუპნენ სომხური არმიის ოფიცრები - მაიორი ჰარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი.
პარალელურა რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. კიბერ-ომი. აზერბაიჯანის შესაბამისმა სამსახურებმა შეტევები განახორციელეს სომხეთის სამთავრობო და „ელექტრონული სისტემების“ ვებ-გვერდებზე, სადაც გამოჩნდა ციტატები ილჰამ ალიევის გამოსვლებიდან - „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“, „თუ სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი არ სურს, უნდა დატოვოს აზერბაიჯანული მიწა!“.
საფრანგეთში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს შენობის კედელზე სავარაუდოდ ადგილობრივმა სომხებმა შემდეგი შინაარსის წარწერები გააკეთეს: „არა ომს!“, „შეაჩერეთ ალიევი!“.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შუშან სტეფანიანის განცხადებით, მიმდინარე შეტაკებებისას, სომხურმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (კუხო) და საზღვარზე მიმდინარე ესკალაციის გამო, მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
კომენტარი გააკეთეს კრემლშიც და აღნიშნეს, რომ ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მორგან ორტაგუსის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი მკაცრად გმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ საზღვარზე მიმდინარე შეტაკებებს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #conflict #clash #border #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა