პირველი მაისი - ,,საბჭოთა დღესასწაულიდან” პროტესტისა და სოლიდარობის დღემდე

0
დღეს, 1 მაისს, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოც მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წლევანდელო პირველმაისობა ჩვენს ქვეყანაში უჩვეულო ფორმატში ჩატარდა - კორონავირუსის პანდემიის გამო ტრადიციული მასშტაბური გამოსვლის ორგანიზება შეუძლებელი გახდა, სწორედ ამიტომ საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა, ასევე, სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა ონლაინ მანიფესტით გააპროტესტეს შრომის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები და ამხილეს სისტემა. , , შრომითი ბაზრის ძირითადი ინგრედიენტი არის დაინფიცირებული ღამურა, რომლითაც დასაქმებულებს უწამლავენ სიცოცხლეს, ” - განაცხადა ონლაინ პროტესტის დროს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა. პროფკავშირების წარმომადგენლებმა და დასაქმებულებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა 8 საათიანი სამუშაო დღის იგნორირება, ადეკვატური საარსებო მინიმუმისა და მისი ტოლფასი მინიმალური ხელფასის არარსებობა, უმუშევრობის შემწეობის არარსებობა, სოციალური დაზღვევის სისტემის ნგრევა, საბაზრო ფუნდამენტალიზმი, პირველადი სექტორების, მათ შორის სამედიცინო სექტორის პრივატიზება, სოციალური პასუხისმგებლობისგან დაცლილი ბიზნესსექტორი, განადგურებული ეროვნული წარმოება და ა.შ დასაქმებულები კვლავაც მოითხოვენ ღირსეულ სამუშაო ადგილებს, ღირსეულ ხელფასსა და სოციალური დაცვის რეალურ გარანტიებს. რა ვიცით პირველი მაისის ისტორიის შესახებ? მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დასაქმებულები დღესაც კი 8 საათიან სამუშაო დროს მოითხოვენ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს სწორედ ამ მოთხოვნამ დაუდო საფუძველი პირველი მაისის მშრომელთა საერთაშორისო დღედ ქცევას. პირველი მაისის აღნიშვნა 1880–იანი წლების პერიოდს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება.1886 წელს ჩიკაგოში სამუშაო საათების რვა საათამდე შემცირების მოთხოვნით მშრომელთა მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა. ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელების მიმართულებით დინამიტი ისროლა, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ჯამში, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. ამ მოვლენების გამო სასამართლომ შვიდ ბრალდებულს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, ერთს კი 15 წლიანი პატიმრობა. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა. როგორ აღნიშნავდნენ პირველ მაისს საბჭოთა კავშირში? მემარცხენე ორიენტაციის გამო პირველი მაისი ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. ამ დღემ განსაკუთრებული მნიშვნელობა საბჭოშა კავშირში შეიძინა. საბჭოთა კავშირში პირველი მაისი, შეიძლება ითქვას, , , წითელი კარნავალი“ იყო. დემონსტრაციები წმინდა პროპაგანდისტული ხასიათს ატარებდა და არ ყოფილა მიმართული მშრომელთა სოლიდარობისა და მშრომელთა უფლებების დაცვისკენ. საბჭოთა ეპოქის ადამიანებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ მიერეკებოდნენ წარმოება-დაწესებულებებიდან თუ სკოლებიდან ხალხს - ურიგებდნენ ტრანსფარანტებს, დროშებსა თუ ყვავილებს. მოედანზე შეკრებილებს საბჭოთა ჩინოვნიკები სახელდახელოდ მოწყობილი ტრიბუნიდან ხელს უქნევდნენ. იმართებოდა სახალხო სეირნობა, ქუჩაში გამოდიოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები. ერთი სიტყვით, პირველმაისობა სრულ ზარ-ზეიმში გამოიხატებოდა. ხელისუფლებას ცდილობდა ხალხისთვიის შეეხსენებინა, რომ მათ წითელი არმია უმაგრებდა ზურგს, რომ სოციალისტურ ქვეყნებში ყველაზე ბედნიერი მუშათა კლასი არსებობდა, სადაც არ ირღვეოდა მშრომელთა უფლებები. სწორედ ეს იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი პროპაგანდისტული ხაზი. რეჟიმს დემონსტრაციებზე საზოგადოებისთვის სურდა ეჩვენებინა ამაყი, წელში გამართული საბჭოთა მშრომელი, რომელიც სრულ ჰარმონიაშია სახელმწიფოასთან და კმაყოფილია მისით. მეგალომანიით შეპყრობილი საბჭოთა კავშირი ცდილობდა მითოლოგიზირებული რეალობის შექმნას, რის გამოც მან პირველ მაისს შინაარსი გამოაცალა, საპროტესტო მუხტისგან დაწრიტა და და ეს დღე სტერილური, უშინაარსო გახადა. როგორ აღინიშნება პირველი მაისი საქართველოში დღეს? დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველმა მაისმა თანდათან შეძლო პირველსაწყისი შინაარსისა და მნიშვნელობის დაბრუნება. მიუხედავად საბჭოთა კავშირის მიერ შემონახული დამახინჯებული სტერეოტიპებისა, პროფკავშირებისა და სამოქალაქო აქტივისტების ძალისხმევით, პირველი მაისი წითელი რეჟიმის მიერ ხელოვნურად თავსმოხვეული სადღესასწაულო განწყობიდან კვლავ საპროტესტო მუხტზე გადაერთო. ბოლო წლებში 1 მაისს საქართველოში იმართება აქცია-მსვლელობები და მასშტაბური დემონსტრაციები, რომლის დროსაც საზოგადოება სოლიდარობას გამოხატავს დასაქმებულების მიმართ და მოითხოვს ღირსეულ შრომით პირობებს.
#შრომითიუფლებები
#პროტესტი
#საბჭოთაკავშირი
#სოლიდარობა
#აქცია
#პროფკავშირი
#tbilisidaily
0