ტირილი მინდება ამ ყველაფერზე – ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია ესპანეთიდან

0
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან. ამის გარდა, მათ, ვინც საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, საელჩოების და საკონსულოების შუამდგომლობით სხვადასხვა დახმარება გაეწიათ. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ყოველკვირეულად ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე სპეც-რეისი სრულდება. ერთ-ერთი ასეთი რეისი გუშინ მადრიდიდან შესრულდა, საიდანაც სამშობლოში 180 ადამიანი დაბრუნდა. „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ მგზავრს, მაია ლაზარიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ისტორია გვიამბო. ქალბატონი მაია ემიგრანტია და უკვე 14 წელია რაც ბარსელონაში ცხოვრობს. პანდემიის გამო მან სამსახური დაკარგა და ორი თვის განმავლობაში, თავის შვილებთან ერთად სახლში იყო გამოკეტილი. „უკვე 14 წელია რაც ბარსელონაში ვცხოვრობ. მყავს ორი შვილი, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ. როდესაც პანდემია დაიწყო სამსახურებიდან გამოგვიშვეს. ორი თვეა უკვე რაც უმუშევარი ვარ და ამდენი ხნის განმავლობაში სახლში ვიყავი გამოკეტილი ჩემს შვილებთან და სიძესთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პანდემიის გამოცხადება და ყველაფრის ჩაკეტვა ერთი იყო. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო ბარსელონაში კრიზის ჯგუფი შეიქმნა, თუმცა გაწევრიანებაზე უარი ვთქვი. ჩემზე უარეს გაჭირვებაში მყოფი ქართველებიც იყვნენ. ძალიან ბევრნი იყვნენ პატარა ბავშვებით, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, იყვნენ ტურისტები, რომლებიც ღამეებს ქუჩაში ათენებდნენ. მე კი შვილებიც იქ მყავდა და ისინი მეხმარებოდნენ. საბედნიეროდ, ჩემმა შვილებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გაჭირვება არ მეგრძნო. ამიტომ არ ჩავთვალე საჭიროდ კრიზის ჯგუფში გაწევრიანება. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მაია ლაზარიაშვილი ამბობს, რომ თავისი ბოლო დანაზოგი სპეც-რეისისთვის გადაინახა, თუმცა ბარსელონადან გამომგზავრება რისკ-ჯგუფში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობის გამო ვერ შეძლო. ამის გამო, მას სამშობლოში დაბრუნება მადრიდის გავლით მოუწია. ამის გარდა, ქალბატონ მაიას 3 წლის წინ მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი, რის გამოც მისი ბარსელონაში ყოფნა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. „ჩემით ვიბრძოდი საქართველოში დასაბრუნებლად, ჩავეწერე ბარსელონას საკონსულოში, მაგრამ ჩემი გამომგზავრება ვერ მოხერხდა. ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც იყო ხალხი. პირველ რიგში ბავშვებიანები, ფეხმძიმეები, ხანში შესულები და რისკ-ჯგუფში მყოფი ქართველები წამოვიდნენ. მე იძულებული გავხდი მადრიდის საკონსულოსთვის მიმემართა და ისინი დამეხმარნენ გამომგზავრებაში. 3 წლის წინ გავიკეთე საკმაოდ რთული ოპერაცია და რისკ-ჯგუფში შევდიოდი. ამიტომ მეშინოდა იქ დარჩენა, საქართველოში ბევრად კარგი მდგომარეობაა. იქ ინფიცირების მეტი შანსი იყო. წამოსვლის წუთამდე რთული მდგომარეობა იყო. ჩემი შვილები ვერ წამოვიდოდნენ. საბუთები განახლებაზე ჰქონდათ შეტანილი და ახლა მოუვიდათ დადებითი პასუხი. საკმარისი თანხაც არ აქვთ. ასე მარტივად ისინი ვერ დაბრუნდებიან, რადგან ბინის ქირის საფასური აქვთ მოხსნილი. ქალბატონ მაიას ბარსელონაში სხვა ქართველებთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა როგორც თვითონ ამბობს მათ მდგომარეობას ინტერნეტის დახმარებით ყოველდღიურად ეცნობოდა. „სხვა ქართველების შესახებ ამბებს ინტერნეტ-სივრცეში ვიღებდი. ვინაიდან გარეთ გასვლა აკრძალული იყო, სხვა ქართველებთან ურთიერთობა არ გვიწევდა. კრიზის-ჯგუფის წარმომადგენლებიც სულ გვაფრთხილებდნენ, რომ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გარეთ არ გამოვსულიყავით. საჭიროების შემთხვევაში თვითონ მოდიოდნენ სახლში. საკმაოდ კარგი საზოგადოება ჩამოყალიბდა, ძალიან კარგი ხალხია გაწევრიანებული. ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. უნდა ნახოთ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ამ გაჭირვებაში ისედაც გაჭირვებული ქართველები. ტირილი მინდება ამ ყველაფერზე. ყველანაირად ამხნევებენ ერთმანეთს, რისკავენ საკუთარ ჯანმრთელობას და ქუჩაში გამოდიან სხვა ქართველებს ლუკმა-პური რომ მიუტანონ. მაია ლაზარიაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ვითარებასაც იხსენებს. „ნამდვილად არ მეგონა ჩვენი პატარა საქართველო ასეთ დიდ ყურადღებას თუ მიაქცევდა ემიგრანტებს. საქართველოში როცა დავბრუნდი, აეროპორტში ისეთ დღეში იყო პოლიცია, რომ სამგზავრო ჩანთაც კი არ მატარებინეს. ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს. ერთ ადამიანს ცხრა კაცი აკონტროლებდა. გვაწყნარებდნენ და გვამშვიდებდნენ, მედ პერსონალმაც თავიდან ბოლომდე გამოგვიკვლია“, – ამბობს 52 წლის ქალბატონი. 1 მაისის მონაცემებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით საქართველოში 9 212 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველოს ფარგლებს გარეთ კი დახმარება 18 033-ს გაეწია.
0