პალესტინურ „ჰამასსა“ და ლიბანურ „ჰეზბოლას“ შორის შეხვედრა გაიმართა
Interworld
ლიბანის პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ პალესტინური „ჰამასის“ ხელმძღვანელთან ისმაილ ჰანიესთან (Ismail Haniyeh) და მის მოადგილესთან სალეჰ ალ-არურისთან (Saleh al-Arouri) შეხვედრა გამართა.
ორივე სუბიექტი ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო რადიკალური სენტიმენტებით გამოირჩევა და მხარეთა შორის დიალოგის თემა ებრაულ სახელმწიფოსა და არაბულ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხს შეეხო. შესაბამისად მათ ხაზი გაუსვეს ოფიციალური თელ-ავივის „შესაკავებლად საჭირო წინააღმდეგობის ღერძის“ სტაბილურობის აუცილებლობას. „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებმა ასევე ისაუბრეს პალესტინაში, ლიბანსა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული პოლიტიკურ და სამხედრო ვითარებებზე.
ჰანიე, რომელიც „ჰამასის“ პოლიტიკურ ბიუროს ხელმძღვანელობს (რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს) ლიბანში მისი პირველი ვიზიტის განხორციელებიდან 30 წლის შემდეგ ჩავიდა და შეხვედრა ასევე გამართა ამ სახელმწიფოში მცხოვრებ პალესტინელ ლტოლვილებთან. როგორც ცნობილია, ლიბანში 174 000-ზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს.
„ჰამასის“ ლიდერის განცხადებით, შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი „არ წარმოადგენს საზოგადოების მორალის, ისტორიისა და არც მისი მემკვიდრეობის ნებას“.
დამატებით, იანვარში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. საუკუნის გარიგება წარუდგინა, რომელიც იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად მოიხსენიებს და აღიარებს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტს „დასავლეთ სანაპიროს“ (west bank) უდიდეს ნაწილებზე. გეგმა ასევე ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნასაც.
ისრაელის სამხედრო ძალებმა ბოლო პერიოდში აქტიური სამხედრო მოქმედებები განახორციელეს ღაზას სექტორში დისლოცირებული „ჰამასის“ მოძრაობისა და ლიბანის საზღვარზე განლაგებული „ჰეზბოლას“ ძალების წინააღმდეგ.
ოფიციალური თელ-ავივი საჰაერო იერიშებს ახორციელებს სირიის ტერიტორიაზე, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარეს მებრძოლი „ჰეზბოლას“ დანაყოფებისა და სხვა პრო-ირანული ელემენტების წინააღმდეგ.
აქვე, როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე „ჰეზბოლამ“ სირიის ტერიტორიიდან 2500-ზე მეტი მისი მებრძოლი, მეთაური და მრჩეველი გამოიწვია უკან ლიბანში.
ზემოხსენებულის მიზეზად ლიბანში არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისი და ბეირუთის პორტში მომხდარი უმძლავრესი აფეთქება სახელდება. აღნიშნული ორგანიზაცია სირიის კონფლიქტში 2013 წლიდან არის ჩარეული და უკვე რამდენიმე წელია, პრო-ირანული ჯგუფი მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო ზეწოლას განიცდის ამის გამო. ბოლო ორი წლის მანძილზე ჯგუფმა მნიშვნელოვნად შეამცირა მისი დანაყოფების გადაყვანა სირიის ტერიტორიაზე.
ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ლიბანის მომავალ ხელისუფლებაში „ჰეზბოლას“ მონაწილეობა არ სურს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ მათი ჩართულობით, განსახორციელებელი რეფორმები წარმატებული და გამჭვირვალე იქნება.
ორტაგუსმა ამავდროულად აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საფრანგეთთან ლიბანის მხარდაჭერის კუთხით. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლის განცხადებები ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ჰეზბოლა ლიბანის პოლიტიკური სისტემის ნაწილია და ის ხალხის მიერაა არჩეული“.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Hamas #Hezbollah #Lebanon #Palestine #Israel #France #USA #conflict #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com