SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის კიდევ 58 თანამგზავრი გაიყვანა

Tbilisi Daily

კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე რიგით მეცხრე რაკეტა Falcon 9 გაუშვა, რომლის ბორტზეც Starlink-ის კიდევ 58 თანამგზავრი იყო განთავსებული. გაშვების ვიდეოტრანსლაცია კომპანიის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. Starlink-ის თანამგზავრებთან ერთად ორბიტაზე ამერიკული კომპანია Planet Labs-ის სამი აპარატი მოხვდა. აპარატები პორტატიული ტელესკოპითა და მაღალრეზოლუციანი კამერებითაა აღჭურვილი და ორბიტიდან დედამიწის ზედაპირის მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი. სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Starlink-ის პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტ თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს. კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე უკვე 300 თანამგზავრი გაიყვანა. საბოლოო მიზანი კი კოსმოსში 12 ათასი აპარატის გაგზავნაა, რაც მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.