თერგდალეულები-სასწაულების თაობა ნაწილი 5

0
ვაჟა–ფშაველა (1861–1915) 80–იან წლებში საიმედო ბურჯად შეუდგა ეროვნულ–განმანთავისუფლებელ მოძრაობას. მის გამოჩენას შემოქმედებით ასპარეზზე დიდი სიხარულითა და იმედებით შეხვდა ამაგდარი თაობა. "მთიდან ჩამოფრენილ არწივში" ილია ჭავჭავაძემ თავიდანვე დაინახა გენიალური ნიჭი და უშრეტი ენერგია. ქართულ ლიტერატურაში მან მოიტანა უჩვეულო მგზნებარე ტემპერამენტი და სრულიად ორიგინალური ხმა. გამომსახველობის ახალი ფორმების მოშველიებით, ვაჟა ჭეშმარიტი მემკვიდრე იყო დიდი 60–იანებლების, მისი შემოქმედების მთავარ ლეიტ–მოტივს შეადგენდნენ ის იდეალები, რომლებიც 60–იანელებმა თავიანთ საბრძოლო დროშას წააწერეს. ვაჟა ფშაველა ფილოსოფიურად მოაზროვნე, ბრძენი, ამასთან უაღრესად ეროვნული შემოქმედი და საზოგადო მოღვაწეა. მის ყოველ სტრიქონში ჩანს ქართული მიწა–წყლისადმი, განუმეორებელი ბუნებისადმი ტრფიალი, საერთო–საკაცობრიო ჰუმანიზმი, იგი მთელი გატაცებითაა ჩაბმული ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში და სწამს მომავალი თავისი ხალხისა. ვაჟასთვის სამშობლო ხან დაჭრილი არწივია, რომელიც ყვავ–ყორნებს ეომება, ხან "მთიანი თავჩაჩქნიანები", რომლებიც "ფიქრს მისცემიან მწარესა", ხან მელი წიფელი, რომელიც მართალია, ტყეს ვეღარ ამშვენებს, მაგრამ მაინც უკვდავია თავისი სიდიადით, ფესვის ბოლოზე ამოსულ ყლორტს შეხარის და მზესა და წვიმას შეღაღადებს მის გასაზრდელად. ვაჟა ფშაველა მამულისათვის თავდადებული მოღვაწის განსახიერება იყო არა მარტო შემოქმედებაში, არამედ ცხოვრებაშიც. იგი უანგაროდ ემსახურებოდა მშობლიური ერის სწავლა–განათლებას. ვერ ურიგდებოდა ვერავითარ უსამართლობას, რასაც მთავრობის მოხელენი ჩადიოდნენ და მთიელი კაცის პირდაპირობით ებრძოდა ყველა იმათ, ვინც ხალხს ატყუებდა და ძარცვავდა. ყველგან სადაც კი ვაჟას უმოღვაწია, ნამდვილი ომი ქონდა გაჩაღებული ხალხის მჩაგვრელებთან, ყველგან იყო სოფლის მოთავე და ხელმძღვანელი სამართლიანობისათვის ბრძოლაში.
0