აშშ-ის თავდაცვის მდივანი: სამხედროების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს
Tbilisi Daily
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი მხარს არ უჭერს ამბოხების შესახებ კანონის გამოყენებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს სამხედროები გამოიყენოს არეულობების ფონზე სამართალდამცველების ფუნქციების შესასრულებლად.
„ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ეროვნული გვარდია საუკეთესო ვარიანტია ამ სიტუაციაში ადგილობრივი ხელისუფლებებისთვისა და სამართალდამცველებისთვის მხარდაჭერის გასაწევად. ამას არა როგორც თავდაცვის მდივანი, არამედ როგორც ყოფილი ჯარისკაცი ვამბობ, სამართალდამცველების როლში სამხედროების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს, მაგალითად უკიდურესად საგანგებო ან სავალალო მდგომარეობისას. ამგვარ მდგომარეობაში არ ვართ“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.