დღეიდან შვიდ დიდ ქალაქში, მათ შორის გორში ღამით გადაადგილება იზღუდება

Gori Daily

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში, მათ შორის გორში, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. გორის გარდა ეს ქალაქებია - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი და ფოთი. გადაადგილება შეიზღუდება 22:00-დან დილის 05:00 საათამდე. შეზღუდვა ეხებათ როგორც ქვეითებს, ისე პირებს, რომლებიც ტრანსპორტით თუ კერძო ავტომანქანებით გადაადგილდებიან. შეზღუდვა არ გავრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე. ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. "ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება", – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით.