ვინსენტ ვან გოგი: ფსიქიკური აშლილობის გადატანის გამოცდილების შესახებ

0
ვინსენტ ვან გოგი – ერთ-ერთი იმ მხატვართაგანია, ვისაც სპეციალისტები ერთხმად მიაკუთვნებენ სულიერად ავადმყოფი მხატვრების კატეგორიას. ამის თაობაზე უამრავი ნამუშევარია დაწერილი, რომელთა ავტორები ფსიქიატრები და ფსიქოანალიტიკოსები, ხელოვნების ისტორიკოსები და კულტუროლოგები არიან. მკვლევარები დიაგნოზების თაობაზე დავობენ, წარადგენენ ვარაუდებს, რომ ვან გოგს ბიოპოლარული აშლილობა, შიზოფრენია ან ეპილეფსია ჰქონდა, რასაც ალკოჰოლის მოხმარებაც ამწვავებდა. მაგრამ ყველა ეს დიაგნოზი მხოლოდ ინტერპრეტაციაა ტექსტების უნიკალური ანსამბლისა, რომლებიც თავად ვინსენტ ვან გოგმა დაწერა. ცოტა მხატვარს თუ დაუტოვებია ჩვენთვის დაკვირვებები, დღიურები, წერილები, რომელთა მნიშვნელობას შეუსაბამებ მათ შემოქმედებას. მაგრამ ვან გოგის წერილები – წარმოუდგენელი დოკუმენტებია, რომლებიც ასობით გვერდზეა გადაჭიმული, ეს გახლავთ დიალოგი არამხოლოდ ადრესატებთან, არამედ, საკუთარ თავთან, ღმერთთან და სამყაროსთანაც. ვან გოგს არ სჭირდებოდა შუამავლები და თარჯიმნები, ის თავად მოგვითხრობს თავისი ფსიქიკური აშლილობის გადატანის გამოცდილებაზე და მკითხველის წინაშე ძალიან მგრძნობიარე, მშრომელ და მოაზროვნე ადამიანად წარსდგება, რომელიც საშინელი დაავადების შეტევების შუალედებში მათზე ბევრად ჯანმრთელი იყო, ვინც მისი დიაგნოზების ინტერპრეტაციას ახდენს. მხატვრის გულსაკლავი თხრობა 1889 წლის 2 იანვარს იწყება წერილით, რომელიც მან ფრანგული ქალაქ არლის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ძმას, თეოს გაუგზავნა. ვან გოგი ამ საავადმყოფოში ყურის მოჭრის ყველასათვის ცნობილი შემთხვევის შემდეგ მოხვდა. „ჩემს თაობაზე შენი ყველა განცდის გასაფანტად, გწერ შენთვის უკვე ცნობილი ექიმი რეის კაბინეტიდან, რომელიც აქაურ საავადმყოფოში პრაქტიკას გადის. აქ კიდევ 2-3 დღე დავრჩები, შემდეგ, ვიმედოვნებ, შინ მშვიდობით დავბრუნდები. ერთ რამეს გთხოვ – ნუ დარდობ, სხვაგვარად, ეს ჩემი ზედმეტი შფოთვის წყარო გახდება“. სხვათა შორის, გაწეული დახმარებისთვის მადლიერების გამოსახატად, მხატვარმა ექიმი რეის პორტრეტი დახატა. თანამედროვეები ირწმუნებოდნენ, რომ პორტრეტი ძალიან ჰგავდა მოდელს, თუმცა, ფელიქს რეი ხელოვნების მიმართ გულგრილი იყო. ვან გოგის ნახატი სხვენში ეგდო, შემდეგ მისით საქათმის ხვრელს ფარავდნენ, და მხოლოდ 1900 წელს იპოვეს იგი ექიმის ეზოში. ნამუშევარი ცნობილმა რუსმა კოლექციონერმა, სერგეი შჩუკინმა შეიძინა და მის პირად კოლექციაში 1918 წლამდე ინახებოდა. ემიგრაციაში გამგზავრებისას, კოლექციონერს ნახატის სამშობლოში დატოვებამ მოუწია, ამგვარად მოხვდა ის პუშკინის სახელობის ნატიფი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
0