სერგი მესხი
(1845-1883) პეტერბურიგ უნივერსიტეტში სწავლობდა 1863-67 წლებში და აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლიციურ მოძრაობაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთი წელი ქუთაისში მოღვაწეობდა, 1868 წელს მიიწვიეს გაზ. "დროების" რედაქტორად და სიცოცხლის ბოლომდე ედგა სათავეში ამ გამოცემას.
ს. მესხი პუბლიცისტი იყო. მაის კალამი იმდროინდელი ცხოვრების ყველა მტკივნეულ საკითხს ეხებოდა. მის ფელეტონებში თუ მოკლე კორესპოდენციებში იგრძნობოდა ქვეყნის გულშემატკივრობა, მისი პროგრესისათვის დაუცხრომელი ზრუნვა.
ს. მესხის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ქვაკუთხედი ეროვნული საკითხი იყო. იგი დიდი ილიას დროშას მიჰყვებოდა. მიაჩნდა, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ქართველი ხალხის ყველა ფენა, ყველა მდგომარეობისა და ხელობის კაცი უნდა ჩაბმულიყო: გლეხი, თავადი, აზნაური, ვაჭარი, სასულიერო პირი - ყველა შთაგონებული უნდა ყოფილიყო ერთი მისწრაფებით, - ეხილა თავისი სამშობლო კოლონიური ჩაგვრისაგან თავისუფალი და ძლიერი.
ს. მესხს მიაჩნდა, რომ საქართველო, - ძველი ცივილიზაციის ქვეყანა, ჩამორჩა ჟამთა სიავის გამო. მაგრამ იმის ურყევი რწმენაც ქონდა, რომ ამ ჩამორჩენილობას იგი მალე დაძლევდა. ევროპული ქვეყნების დაწინაურებულ ცხოვრებას კარგად გაცნობილი, იმას ოცნებობდა, რომ საქართელოც მათი გზით წასულიყო. ს. მესხი იყო "ევროპეისტი". საქართველოს მომავალი ცხოვრების მისაბაძ მაგალითებს შვეიცარიის ქვეყანაში ხედავდა. მისი ღრმა რწმენით საქართველოს პროგრესი ვაჭრობა - მრეწველობის განვითარებაზე იყო დამოკიდებული. ქართველი ხალხი მისი აზრით მაშინ მოღონიერდებოდა, თუ თვითონ მოკიდებდა ხელს მისი უხვი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავებას. გულს უკლავდა, რომ საქართველოს წიაღისეულს რუსი და უცხოელი მრეწველები ეპატრონებოდნენ.
ს. მესხი ებრძოდა საქართველოში უცხოტომელთა ჩამოსახლების ცარისტულ პოლიტიკას. ასაბუთებდა, რომ შავი ზღვის სანაპიროებზე სხვა ხალხის დასახლება უკანონო, ანტიეროვნული მოქმედება იყო. ასევე ებრძოდა იგი ქართული ენისა და კულტურის მტრებს.
ს. მესხი დიდი ძალა იყო თერგდალეულთა პლეადაში, მაგრამ სუსტმა ჯანმრთელობამ და გამუდმებულმა შრომამ იგი ადრე მოწყვიტა ამ თაობას.
საქართველოს 60-70-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამოჩენილ პიროვნებათა შორის იყვნენ სხვა მრავალი თავდადებული მოღვაწენიც. (პეტრე უმიკაშვილი, დავით და მიხეილ ყიფიანები, ანტონ ფურცელაძე, კირილე ლორთქიფანიძე, ბესარიონ ღოღობერიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ილია წინამძღვრიშვილი, ვახტანგ თულაშვილი და სხვა), რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შექონდათ თერგდალეულთა მრავალმხრივ ეროვნულ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ 70-იანი წლებიდან თერგდალეულებს თავიანთი ხმა ქართველმა ქალებმაც შეუერთეს. პრესაში პირველად გამოჩნდა ქართველი პუბლიცისტი ქალების სახელი. ახალგაზრდა მწერალმა ქალმა ნ. ინაშვილმა თარგმნა და 1869 წ. ჟურნ. "მნათობში" დაბეჭდა ინგლისელი ეკონომისტის ჯონ სტიუარტ მილის წერილი "ქალების განთავისუფლება". ქალთა ემანსიპაციის საკითხზე პუბლიცისტურ მოღვაწეობაში ჩაებნენ ელ. ყიფიანი, ღვინიაშვილი. ქარელ ქალთა ჯგუფმა მალე საკითხავი წიგნიც გამოაქვეყნა.
თერგდალეულთა მიმდინარეობას 80–იან წლებში შეემატა ეროვნული მიმართულების უნიჭიერესი წარმომადგენლები ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა ფშაველა, ივანე მაჩაბელი და სხვები