ოპოზიცია "ახალი საკითხების" განსახილველად შეიკრიბა - ვადამდელი არჩევნები კვლავ მთავარი მოთხოვნაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლელოს“ ოფისში ხვდებიან ერთმანეთს. მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ განიხილება სამომავლო გეგმები საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების წინ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება კვლავაც მთავარ მოთხოვნად რჩება და ამ საკითხს ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული სხვა წინადადებები ვერ ჩაანაცვლებს. „ქართულ ოცნებას“, როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა... ძალიან მარტივად არის საქმე - ან ვუკანონებთ მოპარულ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს, ან რეალურად, ბიძინა ივანიშვილი გახდება იძულებული, ჩაინიშნოს ამ ქვეყანაში არჩევნები უახლოეს პერიოდში... ჩვენი პარტიის მთავარი მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს, მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ - თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არცერთი ადამიანი არ შედის პარლამენტში“, - განაცხადა „ლელოს“ ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ. ოპოზიციური პარტიების ერთიან პოზიციას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც ასევე მონაწილეობს „ლელოს“ ოფისში მიმდინარე შეხვედრაში. მისი განცხადებით, პოზიციები უნდა შეჯერდეს დამატებით საკითხებთან დაკავშირებით - „შემოვიდა ახალი საკითხები განსახილველად და ამაზე ვიმსჯელებთ. თუმცა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ ჩამოვყალიბდეთ ოპოზიციის საერთო პოზიციაზე“. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი - ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მრავალფეროვან სპექტრში ერთიანი პოზიციების შეჯერება იოლი საქმე არ არის. „სხვადასხვა პარტიის ხალხი ვართ, რომლებსაც ერთმანეთიც არ გვიყვარს დიდად და ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით და, რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს. თუმცა ვნახოთ, აქამდე ვახერხებდით საერთო პოზიციების შეჯერებას, მაგრამ დღეს მოხერხდება თუ არა, ამას მერე გეტყვით“, - განაცხადა ელისაშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე.​ ოპოზიციონერ ლიდერებს არ დაუკონკრეტებიათ - მიიღეს თუ არა და რა საპასუხო გზავნილები მიიღეს „ქართული ოცნებისგან“ მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გაუგზავნეს „დაბეჭდილი შეთავაზებები“ პოლიტიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით. 4 დეკემბრამდე და მას შემდეგაც, „ქართული ოცნების“ რიგებში გაკეთდა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. https://www.radiotavisupleba.ge/a/30986658.html #ახალი_ამბები #twitter