Არის თუ არა ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი

Tbilisi Daily

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებური ზრდის პარალელურად სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ კლინიკებში საწოლების დეფიციტია, რასაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კატეგორიულად უარყოფს. არის თუ არა ქვეყანაში ეს პრობლემა - ამაზე „რეზონანსი" ჯანდაცვის ექსპერტებს ესაუბრა, რომელთა აზრი ორად იყოფა. ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ არის, თუმცა მომავალში შეიძლება შეიქმნას. „სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია - მძიმეა, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თითქოს ბოლო პერიოდში სიტუაცია დასტაბილურდა. არ ვიცით არსებული ციფრები რამდენად შეესაბამება რეალურ გავრცელებას. ნაწოლობრივ ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. „თუ სტაბილურად - რამდენიმე დღე, კვირა 4000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდება, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვექნება. როგორც მოვისმინე 800-მდე საწოლი მობილიზდება. ასევე ტიკარაძე კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, კიდევ დამატებით საწოლების მობილიზებაზე, თუ ამის საჭიროება დადგა. საჭიროება აუცილებლად დადგება. „გასაგებია რესპუბლიკურში და ლევან რატიანის კლინიკაში უკვე ლიმიტზე არიან მისული, როგორც სუნთქვის აპარატების, ასევე საწოლების რაოდენობის მიხედვით. თუმცა, ქვეყანაში ამჟამად ჯერ კიდევ რეზერვი არის. არანაირი რეზერვი არ ეყოფა თუ კიდევ ერთხელ ყველამ ერთად არ შევძელით ამ დიდი ხიფათის შემსუბუქება, მოგერიება. თუ არ დავიცავით ზედმიწევნით ის რეგულაციები, რომელიც გვაქვს - პირბადეების ტარება, თავშეყრის ადგილების თავის არიდება. „სხვა არანაირი საშუალება არ გვაქვს. სულ მთლიანად 14 000 ათასი საწოლი, რომ გადაერთოს კოვიდით ინფიცირებული პაციენტის მომსახურებაზე, მაინც მთავარია რეგულაციები დავიცვათ. ამ შემთხვევაში გამოსავალია, რომ ყველამ გავიაზროთ რეალური საფრთხე. ისიც, რომ ვირუსი ვიღაცის მოგონილი არაა", - ამბობს ზოიძე. ჯანდაცვის ექსპერტის ვატო სურგულაძის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემას საწოლფონდების პრობლემა აქვს, თუმცა ამაზე არ საუბრობენ. „როგორც ადგილების, ასევე აპარატების პრობლემა გვაქვს. მარტო აპარატის მანქანა არ არის საკმარისი, საჭიროა ადამაინი ვინც იცის აპარატზე მუშაობა. ამიტომ, შესაბამისად პრობლემა მომზადებულ კადრებთან გვაქვს. ადგილებთანაც რეალური პრობლემა აქვთ, რადგან ძალიან რთულია პაციენტების დაწვენა. როცა იძახიან ადგილები გვაქვსო და რეალურად თუ ადგილები აქვთ, მაშინ პაციენტების გადამისამართება ძალიან სუსტად აქვთ. „ეკატერინე ტიკარაძის და მათი ნებისმიერი განცხადება არასერიოზულად მიმაჩნია. შთაბეჭდილებაა თითქოს ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ჩვენ სხვა ქვეყანაში. არა მარტო საწოლების, არამედ არსებული სიტუაციის მართვის პრობლემა აქვთ. ვირუსი მართვადია, თუმცა საქმე იმ ადამიანებმა უნდა აკეთონ ვინც იცის როგორ აკეთოს. ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. სამწუხაროდ, მართავენ ადამიანები რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ და არც შესაბამისი ცოდნა. ძალიან ხშირად მთლად სიმართლეს არ გვეუბნებიან", - აღნიშნა სურგულაძემ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი, 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მდგომარეობაა სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით, რადგან იყო შემთხვევები, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენა სწორედ სასუნთქი აპარატის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს კლინიკების დონეზე არაეფექტურ მართვასთან. მისივე თქმით, დაგეგმილია დამეტებითი შესყიდვები და სასუნთქი აპარატები საჭიროების მიხედვით ყველა კლინიკაში გადანაწილდება. „დღეს პრემიერთან ერთად კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდით, სადაც კლინიკებში მეტად უფრო ეფექტურ მენეჯმენტზე ვისაუბრეთ. ეს გულისხმობს შემდეგს - დღეს-დღეობით ქვეყნაში სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულია დაახლოებით 257 პაციენტი. ჟანგბადდამოკიდებულია 937 პაციენტი. „დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. რეალურად კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები კოვიდსასტუმროებში გადაანაწილონ, სადაც ისინი მკურნალობას გააგრძელებენ. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მეტად უფრო არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკავშირებითაც მათთან კონსულტაციები გავიარეთ, ამ საკითხებზე შევჯერდით. კლინიკები თავიანთ დონეზე მენეჯმენტს გააუჯობესებენ - სასუნთქი აპარატები და ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლები იმ პაციენტებისთვის იქნება მობილიზებული, ვისაც ეს ესაჭიროება", - განაცხადა ტიკარაძემ.