ბევრისთვის, გორი და მასთან ასოცირებული ცნობადი ადამიანები სტალინით ან ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონი სპორტსმენებით შემოიფარგლება და მათ შორის გორელებისთვისაც კი უცხოა, ის გამოჩენილი და მნიშვნელოვანი ადამიანები რომლებიც ამ ქალაქიდან იყვნენ. ერთ - ერთი ასეთი პიროვნება, ბევრისთვის უცნობი ფარსადან გორგიჯანიძეა.
იგი დაიბადა გორში 1626 წელს და გარდაიცვალა 1696 წელს ირანის მაშინდელ დედაქალაქ ისპაჰანში. იგი გაიზარდა როსტომ მეფის კარზე, თუმცა უფრო საინტერესო ისაა თუ როგორ მოხვდა მეფის სასახლეში. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, როსტომ მეფის გორში სტუმრობისას, მას ყმაწვილი ფარსადანი შემთხვევით შეხვდა და მეფეს მოეწონა მისი სხარტი გონება და ენამახვილობა, რის შემდგომაც იგი თან წაიყვანა და საკუთარ კარზე გაზარდა, სამეფო კარზე დაეუფლა ირანულს და მოგვიანებით კი ისპაჰანის მოურავობის მოვალეობის შემსრულებლად, როსტომმა თავის ნაცვლად გაგზავნა. სწორედ აქედან იწყება, ფარსადანის თავგადასავალი შაჰის კარზე, იგი ჯერ აბას-II , ხოლო მოგვიანებით სულეიმანის სამსახურში იყო.
ფარსადანი, ირანში გვევლინება, როგორც ისპაჰანის ტარუღად (მოურავი), აგრეთვე ეშიკახასბაშის (საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი) თანამდებობებზე, თუმცა ჩვენთვის მეტად საინტერესო, მისი სამეცნიერო/სალიტერატურო მოღვაწეობა. მისი მუშაობით შეიქმნა ქართულ-არაბულ-ირანული ლექსიკონი, ქართულად თარგმნა, „მუსულმანთ სასჯულო წიგნი ჯამი-აბასი“, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო შაჰნამეს თარმნასა და გალექსვის პროცესში, აგრეთვე მას ეკუთვნის საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებზე ისტორიული ნაშრომები. განსაკუთრებით საყურადღებოა, მისი ნაშრომი „საქართველოს ცხოვრება“, რომელიც დასაბამს იღებს ვახტანგ გორგასლიდან ვიდრე მე-17 საუკუნემდე. ეს წიგნი საყურადღებოა იმით, რომ მან „სწავლულ კაცთა“ მუშაობამდე ადრე სცადა, მე-14 საუკუნიდან მოყოლებული ნაკლული ქართული ისტორიოგრაფია შეევსო არაბულენოვანი წყაროებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თემურ ლენგის იმ გამანადგურებელი შემოსევების შემდგომ, რომლითაც ფაქტიურად ბნელი ეპოქა დაიწყო ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში. მან, აღნიშნული ისტორიული ნაშრომი გარდაცვალებამდე, ორი წლით ადრე 1694 წელს დაასრულა.
ამგვარად, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი დიდებული და მნიშვნელოვანი მოღვაწე, წარმოშობით გორიდან იყო და სამწუხაროა, რომ მისი სახელი, არათუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის ცნობიერებაში არ იძებნება, არამედ მისი სახელობის ქუჩასაც კი ვერ მონახავ. ვერ მონახავ, სწორედ იმ ქალაქის უბნებში, სადაც ის დაიბადა და 10 წლამდე იზრდებოდა.
#გორი
#ისტორია
#goridaily