ენგურჰესი ჩერდება, "მეზობელი" დენს ვერ იმეტებს

0
443 მეტრი ზღვის დონიდან - ეს არის ის კრიტიკულზე დაბალი ნიშნული, რაზეც ახლა დგას წყლის დონე საქართველოს ყველაზე ღრმა, ჯვრის წყალსაცავში. მისი სიღრმე 226 მეტრია, ზედაპირის ფართობი 13.5 კმ². წყლის მოცულობა კი 1100 მლნ. მ³. წყალსაცავის სიგრძე 30 კილომეტრია.  რაც უფრო მაღალია წყლის დონე წყალსაცავში, მით უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია ჰიდროელექტროსადგურს, წყლის დონის კლება მოხმარებული ელექტროენერგიის სიჭარბეზეა დამოკიდებული. იქედან გამომდინარე, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში 10 მილიონ კვტ სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, ჯვრის წყალსაცავში ყოველდღიურად, 0, 5-0, 8 მეტრით ეცემა წყლის დონე და უკვე თავად აფხაზმა ენერგეტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ამჯერად წყალსაცავში არსებული წყლის მარაგი ენგურჰესის მუშაობას მხოლოდ თვის ბოლომდე უზრუნველყოფს: 25-27 დეკემბერს ენგურჰესი გაჩერდება.  როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოსისტემის ხელმძღვანელი გურამ ჯაჯაია ამბობს, ვითარება ძალიან საგანგაშოა. მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ "რუსეთი აფხაზეთისკენ დენის გადმომისამართებას ვერ ახერხებს", თუმცა, მიზეზს არ ასახელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკვე ცნობილია, რომ რუსეთი აფხაზეთს, ენგურჰესიდან მიღებული დენის ალტერნატივას დამატებით არ გადაუმისამართებს და ოკუპირებული აფხასზეთის დიდი ნაწილი ახალ წელს სიბნელეში შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 250, 000 ადამიანია, წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისი (რომლის მოსახლეობაც 1.15 მლნ-ია). ასევე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60% უფასოდ მიეწოდება და ეს იმ დროს, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების 30 სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომლებიც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაჩახჩახებულია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#ზუგდიდი
#ენგურჰესი
#დენი
#zugdididaily
წყარო: მთავარი არხი
0