0
ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი: არ უპასუხებ ჩემს ზარებს და სახლში მოხვალ გვიან; იტყვი- არ მესმოდაო, გაბრაზდები- პატარა ხომ არ ვარო?! მე პირს მოვკუმავ და არაფერს ვიტყვი. შენ კი, გაგიხარდება, რომ მე ვეჭვიანობ, ვნერვიულობ ან რამე მსგავსი, მაგრამ შემჩნევით- არაფერს შეიმჩნევ. იმ ღამით, მე ჩვეულებრივ წავიკითხავ ძილის წინ ლოცვებს, მშვიდად და ოდნავ ხმამაღლა, როცა ზუსტად ვიცი, რომ კარს უკან დგახარ და - მისმენ. იმ ღამით, ჩვენ შეთქმულებივით ჩავწვებით საწოლში, მე- კუთხისკენ მივიწევი და ზურგს მოგაქცევ; შენ- ერთ ხანს დამელოდები და როცა მიხვდები, რომ სულაც არ ვაპირებ , ტრადიციულად გითხრა: "შენს ნებაზე იძინე..." ოდნავ გაბრაზებული და ოდნავ ნაწყენი- გამორთავ შუქს.. ცოტა ხნის შემდეგ, შენი მშვიდი, თანაბარი სუნთქვა გააპობს ჰაერს. მე ფრთხილად გადმოვბრუნდები შენკენ და კიდევ უფრო ფრთხილად შემოგიკეცავ - ნახევრამდე გადახდილ საბანს. მერე ჩუმად, ისე, რომ ვერც მე გავიგო- გისურვებ ტკბილ ძილს და რატომღაც, ყველაზე გულუბრყვილო შიშით- შემეშინდება შენი დაკარგვის... მეორე დილით, შენ მადლობას გადამიხსი საბნის გასწორებისთვის და მეტყვი: რომ ეს ერთადერთი ღამე იყო, როცა მე ძილინებისა გისურვე და შენ მაინც არ გძინებია..
0