კოცნა როგორც ხელოვნება

0
ამბობენ, რომ ხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია და რომ ის დროისა და სივრცის მიღმა არსებობს. მართლაც, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც შემოქმედ ადამიანებს სხვებისგან განასხვავებს, ყოფით წვრილმანებში მშვენიერების დანახვის უნარი და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დეტალების ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აყვანის ნიჭია. სხვა სიტყვებით, ხელოვანებს ბუნებრივად აქვთ მიდრეკილება, ჩარჩოებს მიღმა იაზროვნონ და თავიანთი ეპოქისთვის დამახასიათებელ შემბოჭველ სოციალურ თუ კულტურულ ნორმებს ზურგი აქციონ. ცხადია, ენდი უორჰოლი პირველი არ ყოფილა, ვინც ყოველდღიურობის ინტიმურ მხარეს ახლებური სიცოცხლე ჩაჰბერა და კოცნა ხელოვნებად აქცია. ადამიანებს შორის სიახლოვის ეს გამოხატულება უძველესი პერიოდიდან მოყოლებული წარმოადგენდა ხელოვანთა შთაგონების წყაროს. ამას ადასტურებს თუნდაც ბეთლემის მახლობლად აღმოჩენილი, აინ საქირის შეყვარებულების სტატუეტი, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 10 ათასი წლით თარიღდება და ერთმანეთზე გადახვეული წყვილის კოცნას ასახავს. კოცნის ხელოვნებაში გამოსახვის ისტორიის უკეთ აღსაქმელად თვალი გადავავლოთ გასული ორი საუკუნის რამდენიმე გამორჩეულ ნამუშევარს. ფრანჩესკო აიეცი, კოცნა (1859 წელი) იტალიელი ხელოვანი, ფრანჩესკო აიეცი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კოცნა ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. აიეცი კარიერის დასაწყისშივე იყო დაინტერესებული ინტიმურობის ამ ფორმის შესწავლით, რასაც ადასტურებს ამ თემასთან დაკავშირებული მისი პირველი ნამუშევარი, რომეოსა და ჯულიეტას უკანასკნელი კოცნა, რომელიც 1823 წელს გამოიფინა და იტალიურ ხელოვნებაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა. მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ მხატვარმა თავისი პერიოდისთვის დამახასიათებელი უმწიკვლო და ნაზი ამბორის ჩვენების ნაცვლად ფერწერულ ტილოში ვნებით აღსავსე კოცნა გამოსახა. ჟან-ლეონ ჟერომი, პიგმალიონი და გალათეა (1890 წელი) ბერძნულ მითოლოგიაში საპატიო ადგილი უკავია კვიპროსის მეფეს, პიგმალიონს, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ხელოვნების ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული მხატვარ-მოქანდაკე იყო და მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში გარეგნული მშვენიერება და შინაგანი ხასიათი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. ედვარდ მუნკი, კოცნა (1897 წელი) როგორც წესი, მუნკის სახელის ხსენება პირველ ასოციაციებს კივილთან აჩენს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ცნობილი ნამუშევარი ერთ-ერთია იმ ნახატთაგან, რომელიც კოცნასთან და რამდენიმე სხვა ტილოსთან ერთად, მუნკის ერთ სერიაში, კერძოდ, ცხოვრების ფრიზში ერთიანდება. ეს სერია თანამედროვე ურთიერთობების სხვადასხვა ეტაპს აღწერს და მოიცავს როგორც სიყვარულის, ისე სიძულვილის, ეჭვიანობის, შფოთვის, სიკვდილისა და სხვა ცხოვრებისეულ მდგომარეობებთან დაკავშირებულ თემატიკას. მუნკმა სერიაზე მუშაობა კოცნით დაიწყო და დასრულებას 30 წელი მოანდომა. გუსტავ კლიმტი, კოცნა (1907 წელი) ავსტრიაში მოგზაურთათვის არსებობს ასეთი გამოთქმა: "არასოდეს დატოვოთ ვენა კოცნის გარეშე" — და ის გუსტავ კლიმტის მიერ 1907 წელს შექმნილ კოცნით დასათაურებულ ნამუშევარს მიემართება. მართლაც, კლიმტის ყველაზე ცნობილი ნახატის მოუნახულებლად ავსტრიის დედაქალაქში არსებული ბელვედერის მუზეუმის დატოვება ისეთივე დანაშაულია, როგორც, მაგალითად, ლუვრში მონა ლიზას არნახვა, ან თუნდაც, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამისთვის გვერდის ავლა. ამის მიზეზი ისაა, რომ ოქროსფერ ტონებში გადაწყვეტილი, სტილიზებული და ღრმა იკონოგრაფიის მქონე კოცნა დღემდე სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ სიმბოლოდ რჩება. მარკ შაგალი, დაბადების დღე (1915 წელი) "მე მხოლოდ სიყვარული მაინტერესებს და, შესაბამისად, მარტო ისეთ რაღაცებთან მაქვს შეხება, რაც სიყვარულის თემის გარშემო ტრიალებს", — ეს სიტყვები მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მხატვარს, მარკ შაგალს ეკუთვნის. ის მიიჩნევდა, რომ სწორედ სიყვარული გარდაქმნიდა ხელოვანის შემოქმედებას ღირებულად. მართლაც, შაგალის შემოქმედებითი ინსპირაციის მთავარი წყარო მისი მეუღლე, ბელა იყო, რომელზეც მხატვარი, მიუხედავად ქალის მშობლების წინააღმდეგობისა, 1915 წელს დაქორწინდა.
#კოცნა
#კოცნაროგორცხელოვნება
#ხელოვნება
#მხატვრობა
#ნახატები
Tbilisi
0