სიცოცხლე მასთან ერთად დავამთავრე – რას ყვება ემიგრანტი დედა, რომელიც შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო

0
„პრაიმტაიმი“ საფრანგეთში დაუკავშირდა ქართველ ემიგრანტს, რომელმაც საქართველოში 18 წლის შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. პირველ მაისს ზესტაფონის „არწივების“ ახალგაზრდა მორაგბის, ბესიკ სარალიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიმებდა ის გარემოება, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა დედას შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. თინა რობაქიძე შვილის დაკრძალვას ვირტუალურად, „მესინჯერის“ საშუალებით დაესწრო. როგორც შვილმკვდარი დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, ბესოს გარდაცვალების მიზეზი, პირველადი დასკვნით სავარაუდოდ, თრომბი გახდა. ექსპერტიზის ზუსტი დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილი. „როცა რაგბის თამაში დაიწყო მითხრა, თუმცა თავი როდის დაანება არ ვიცოდი, არ უთქვამს არაფერი. თირკმელების პრობლემა ჰქონდა, არც ეს არ ვიცოდი, თვითონ არ უთქვამს. ალბათ, მიფრთხილდებოდა. მეუბნებოდა, რომ სწავლა ძალიან უნდოდა. რუსულს და ინგლისურს ძალიან კარგად სწავლობდა. მეგობრები, მეზობლები და ყველა, ვინც კი ჩემს შვილს იცნობდა, დადებითად ახასიათებენ. მეუბნებოდნენ, რომ ბესო ძალიან კარგია, კეთილი, თბილი, მხიარული და მიზანდასახული იყო. ბევრი კარგი საქმის დათესვა მოასწრო. ბევრი გეგმაც განუხორციელებელი დარჩა, მასზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ყველაზე მეტად სწავლა უნდოდა და რეგისტრაციაც გაიარა ეროვნული გამოცდებისთვის. თუმცა, არ დასცალდა ჩემს ბესუას არაფერი. ძალიან მიჭირს ბევრ რამეზე ლაპარაკი… სიცოცხლე მასთან ერთად დავამთავრე. ცხოვრებას კი შევძლებ მისი და მისი და-ძმების ხათრით. მას სამი ძმა და ერთი და ჰყავს. იმ დღეს ყველაფერზე ვტიროდი. სულ მქონდა შიში რატომღაც ყოველთვის. თუმცა, ეს დასაშვებია დედასთვის, რომელსაც 10 წელი შვილები არ უნახავს და სულ მონატრებაში აღამებ და ათენებ. როდის დადგება ის დღე რომ წახვალ… ერთ დღეს და უკვე გაზრდილ შვილებს ჩაეხუტები, გულში ჩაიკრავ, ამაყად ივლი, რომ უკვე გვერდით ის პაწაწუნები კი არ არიან, რომლებიც დავტოვე, არამედ დიდი კაცების და დიდი გოგოს გვერდით იდგები ამაყად… ბესო იყო ძალიან თბილი, ბავშვობიდან ცელქი იყო, მოუსვენარი, მხიარული, მუდამ ასეთი იყო. მორიდებით გეტყოდა რამეს და იშვიათად მოგთხოვდა“, – გვიყვება შვილმკვდარი დედა.
0