საპარლამენტო არდადეგები - დაკარგა თუ არა საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მაკონტროლებლის ფუნქცია?

0
საქართველოს კონსტიტუციის 48­-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის ძირითად ფუნქციას საკანონმდებლო საქმიანობისა და ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრასთან ერთად, მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება წარმოადგენს. მაკონტროლებლის ფუნქცია მოიაზრებს იმას, რომ დეპუტატი უ​ფლებამოსილია კ​ითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ო​რგანოს - მთავრობას და მიიღოს მისი წევრებისგან კონკრეტული პასუხები. დღეს საპარლამენტო ოპოზიაცია საგანგებო მდგომარეობის პირობებში არაეფექტურ საპარლამენტო კონტროლსა და ზედამხედველობის არაქმედით მექანიზმებზე საუბრობს და მთავრობას მოუწოდებს, სრულად აღადგინოს საპარლამენტო ცხოვრება. , , ნაციონალური მოძრაობის” მოსაზრებით, პანდემიის, შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა და სოციალური პრობლემების ფონზე აუცილებელია საკანონმდებლო ორგანომ გააკონტროლოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შეაფასოს მათი გამჭვირვალობა და განიხილოს დაწესებული შეზღუდვების მიზანშეწონილობა. პარტია ხაზს უსვამს, რომ ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს პარლამენტთან. ენმ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უცხოეთიდან მოზიდული თანხების 85 პროცენტი კრედიტია, მთავრობა ფულად რესურსებს უკონტროლოდ ხარჯავს, ბიუჯეტის პროექტი კი საკანონმდებლო ორგანოში დღემდე არ არის წარმოდგენილი. , , როდესაც ქვეყანაში მოზიდულია რამდენიმე მილიარდი დოლარი, თანაც უდიდესი ნაწილი სესხის სახით, მისი განკარგვა არ უნდა იყოს 2-3 ადამიანის პრეროგატივა და პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ამ პროცესის გაკონტროლება, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია , , ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი განმარტებით პარტია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარული სხდომების და საკომიტეტო მოსმენების განახლებას ითხოვს. , , დღეს პარლამენტი ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს, ” - აღნიშნა გოცირიძემ. აქვე, შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. 2020 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. 19 ნოემბერს სწორედ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა. ამის შემდგომ , , ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ პლენარული სხდომის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. , , გინდათ ბიჭების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს, ” - განაცხდა მაშინ გოცირიძემ. დღეს იგი ბოქლომის მოხსნას ითხოვს და აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიამ არსებული სურათი შეცვალა და ახლა აუციელებელია პარტიამ გამონაკლისი დაუშვას. , , ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას” ბოიკოტის რეჟიმში მყოფი კიდევ ერთი პარტია, , , ევროპული საქართველოც" იზიარებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა განახლდეს, რათა თანხების ხარჯვაზე დაწესდეს ზედამხედველობა, გადაწყვეტილებები კი მიიღებოდეს ერთობლივ ფარგლებში. , , ევროპულ საქართველოში” თვლიან, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში არამარტო ეკონომიკურ, არამედ ანგარიშვალდებულების კრიზისსაც მივიღებთ. პარლამენტის მუშაობის განახლებას ითხოვენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც, ეკა ბესელია, პლენარულ სხდომებთან ერთად, მოითხოვს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით კი დღეს პარლამენტი , , დაიმპოტენტებულია”, ვინაიდან მთავრობისთვის შეიქმნა კომფორტული ზონა, თავი აარიდოს კრიტიკულ კითხვებს. როგორ პასუხობს მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნებს? როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო, ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული - ასე პასუხობს მმართველი პარტია ენმ-ის კრიტიკას. , , ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გასულ პერიოდებში, როცა საპარლამენტო ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, ოპოზიცია თავს არიდებდა მუშაობას და აცხადებდა ბოიკოტს, დღეს კი, როცა პარლამენტს აბსოლუტურად სხვა რეჟიმში უწევს მუშაობა,  საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა უეცრად მოინდომეს ბოიკოტიდან გასვლა, რაც ღიმილისმომგვრელია. , , ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიცია უსაფუძვლო კრიტიკითა და აბსურდული მოთხოვნებით არის დაკავებული. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში საკანონმდებლო ორგანოს უწევს საგანგებო რეჟიმში გადასვლა, რაც პლენარული და საკომიტეტო სხდომების უკიდურესად შეზღუდულ ფორმატში ჩატარებას მოიაზრებს. კობახიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი მუშაობს ზუსტად იმ პრაქტიკის შესაბამისად, რა პრაქტიკაც ხელმძღვნელობს დემოკრატიული ქვეყნები საგანგებო მდგომარეობის დროს. ამგვარად, როგორც ჩანს, მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, პლენარული სესიების მოწვევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება.
#პარლამენტი
#ოპოზიცია
#ენმ
#ევროპულისაქართველო
#საგანგებომდგომარეობა
#tbilisidaily
0