ირაკლი რუსაძის სიტუაციონისტი – შთაგონებად ქცეული გამოწვევები და გუნდური მუშაობის უპირატესობა

0
თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების ერაში მსოფლიოსთან კავშირში ყოფნა რთული აღარ არის. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ მოდაში გეოგრაფიული ფაქტორი ჯერ კვლავ დიდ როლს თამაშობს. ირაკლისთან ჩვენი საუბრის თემა პატარა და განვითარებად ქვეყანაში საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი და ძლიერი ბრენდის შექმნა იყო. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში დაფუძნებული ბრენდები განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ როგორც ირაკლისგან მოვისმინეთ, შესაძლებელია გამოწვევა შთაგონებად და უპირატესობადაც აქციო. „როდესაც მე ვიწყებდი, საქართველოში მოდა ბიზნესად საერთოდ არ აღიქმებოდა. ახლაც კი – ჯერ ბოლომდე არ არის გააზრებული ბიზნესად. აქ ბევრი რამ ხელმიუწვდომელია, რაც კოლექციის შესაქმნელად გჭირდება, მაგრამ რეალობა ძალიან შთამაგონებელია. ეს სირთულეები და გამოწვევა, როგორც დიზაინერს, უფრო მეტ ინტერესს გიჩენს, უფრო მეტს ფიქრობ და ცდილობ, რაც განვითარებაში გეხმარება.“ საუბრის მთლიანი ჩანაწერი Public Talk-ის დამსწრეებისთვის ექსკლუზიური იყო. ჩვენს მკითხველებს საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ. ირაკლი მნიშვნელოვან დიზაინერად გასულ 5 წელში ჩამოყალიბდა, თუმცა წლების განმავლობაში ფარდის მიღმა მუშაობდა. მას შეგვიძლია თვითნასწავლი ვუწოდოთ. სასწავლებლებში სიარულის ნაცვლად, გამოცდილების დაგროვებამ და სამუშაო პრაქტიკით ცოდნის ამაღლებაზე კონცენტრირებამ ირაკლისთვის კარგად იმუშავა. როგორც თავად გვითხრა, ამ გადაწყვეტილებით არაფერი დაუკარგავს, პირიქით, თვლის, რომ მოიგო. „14 წლიდან დავიწყე მუშაობა, სხვა დიზაინერებს ვეხმარებოდი. შემდეგ დავდექი არჩევანის წინაშე, თუ სწავლას დავიწყებდი და ყოველდღიურად, თუ ყოველკვირეულად სასწავლებელში ვივლიდი, მაშინ მუშაობას ვერ შევძლებდი. გადავწყვიტე, რომ ისევ მემუშავა და სწავლა დამოუკიდებლად გამეგრძელებინა. მე ვთვლი, რომ ამ გადაწყვეტილებით არაფერი წამიგია, პირიქით.“ გუნდში მუშაობის გამოცდილებამ გავლენა იქონია რუსაძის შესაძლებლობაზე, რომ შეექმნა ბრენდი, რომელიც ქართული მოდის ინდუსტრიის რუკაზე გუნდური მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იქნებოდა. საინტერესო და მრავალფეროვან გუნდს განსხვავებული სახელიც შეურჩია – სიტუაციონისტი. „სიტუაციონისტები გასული საუკუნის ერთ-ერთი პოლიტიკური-სახელოვნებო მოძრაობის წევრები იყვნენ. მახსოვს, აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც მათზე წავიკითხე და მაქედან წამოვიდა ამ სახელწოდების იდეა.“ ირაკლიმ ზუსტად იცოდა, რომ ბრენდისთვის საკუთარი სახელის, ან გვარის დარქმევა არ სურდა. მისი ტანსაცმლის ხაზი მოძრაობაა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს საერთო ხედვის ქვეშ აერთიანებს. სწორედ ეს ადამიანები, ირაკლის ხელმძღვანელობით, ქმნიან სიტუაციონისტს ძლიერ ბრენდად. „სიტუაციონისტი გუნდური მუშაობის შედეგია, მხოლოდ მე არ ვარ. ჩვენ გუნდი ვართ და ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა, თუ ჩვენი ნაშრომის სახელწოდება მხოლოდ ჩემი სახელი, ან გვარი იქნებოდა.“ გუნდური მუშაობის შედეგი შესამჩნევია სიტუაციონისტის პოდიუმზეც, რომელიც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე მოდელების ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო და მრავალფეროვანი შემადგენლობით გამოირჩევა. „ჯერ კვლავ პატარა გუნდი ვართ, მაგრამ დიახ, ჩვენთან სხვა ეროვნების ადამიანებიც მუშაობენ. გვყავს ინტერნები ავსტრალიიდან, ასევე ადამიანები საფრანგეთიდან.“ მიუხედავად იმისა, რომ რუსაძეს ძლიერი მხარე მკერვალობა, სამოსის კონსტრუქციაა და არა ბიზნეს ხრიკების ცოდნა, პროფესიონალებთან თანამშრომლობით, კომუნიკაციის და კონტაქტების მნიშვნელობის გააზრებით, ირაკლიმ სიტუაციანისტის წარმატებულ ბიზნესად ქცევა შეძლო და ეს რუსეთის ბაზრის გარეშე მოახერხა. ეს უკანასკნელი აღნიშვნას იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში ქართველი დიზაინერების მთავარი ბაზარი რუსეთი იყო. სიტუაციონისტი ქართული მოდის ახალი თაობაა, რომელმაც კომერციულ წარმატებას რუსეთის ბაზრის გარეშე მიაღწია. „ჩვენ ჯერ რუსეთში არ ვიყიდებით, თუმცა მომავალში შეიძლება ჩვენი კოლექციები რუსეთშიც გაიყიდოს. ცუმისგან (ძვირადღირებული ტანსაცმლის ყველაზე ცნობილი მაღაზია რუსეთში) არის დაინტერესება. ვნახოთ..“ დღესდღეობით სიტუაციონისტისთვის ძალიან მნიშვნელოვან ბაზარს ბრიტანეთი წარმოადგენს. ბიზნეს სტრატეგიაზე საუბრისას, დიზაინერმა აღნიშნა, რომ საკუთარი მაღაზიების გახსნას არ აპირებს. ამ ეტაპზე ბრენდი კონცეპტუალურ მაღაზიებში (მათ შორის იერში) და მსოფლიოს სხვადასხვა გიგანტ სავაჭრო სივრცეებში იყიდება.
#ირაკლირუსაძე
#ქართველიდიზაინერი
#მოდა
#დიზაინი
#ჩაცმა
#სტილი
#ქართულიმოდა
Tbilisi
0