„ინტერნეტის შექმნამდე ძალიან რთული იყო გეპოვა ვინმე, დაგესვა 10 წუთით შენთვის სამუშაოდ და 10 წუთის შემდეგ დაგეთხოვა, მაგრამ ტექნოლოგიებთან ერთად შესაძლებელი გახდა მათი პოვნა, ცოტაოდენი ფულის გადახდა და მათი გათავისუფლება მაშინ, როდესაც აღარ გჭირდება” (Kalleberg & Dunn, 2016).
ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შრომით ბაზარზე დიდი ძვრა შეინიშნება. ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ცათამბჯენების არსი, რადგან თანდათან სახლიდან მუშაობა გაცილებით უფრო კომფორტული და ეფექტური ხდება (Vallicelli, 2018). ამას ემატება 2020 წლის პანდემიის შედეგად ორგანიზაციათა უმრავლესობის მიერ მუშახელის დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანა, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააჩქარებს დიგიტალიზაციის პროცესს. დისტანციურად მუშაობა ფრილანსერობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს, მაგრამ იგი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ფრილანსერობა გიგ ეკონომიის (gig economy) კონცეპტის ქვეშ შეგვიძლია გავაერთიანოთ. გიგ ეკონომია თანამედროვე ტერმინია და იგი გულისხმობს მოქნილ, დროებით ან ფრილანს სამუშაოებს, მოიცავს კლიენტებთან კონტაქტს ონლაინ პლატფორმის საშუალებით. გარდა ფრილანსერობისა, გიგ ეკონომია მოიცავს დამოუკიდებელ კონტრაქტორსაც. ასეთი მომუშავე კონტრაქტით განსაზღვრულ დავალებაზე მუშაობს, კლიენტთან ექსკლუზიური ურთიერთობა აქვს, ლეგალურად არ შეუძლია პარალელურად სხვა კლიენტისთვის მუშაობა კონტრაქტის ამოწურვამდე და ითვალისწინებს არა უმეტეს ერთ, ხანგრძლივ პროექტზე მუშაობას დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ფრილანსერობა დამოუკიდებელი კონტრაქტორის სრული ანტონიმია. ფრილანსერები არ არიან კონტრაქტით შეზღუდული, გააჩნიათ მეტი მოქნილობა, შეუძლიათ ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე მუშაობა და ა.შ.
დღესდღეობით ფრილანსერობისთვის ყველაზე პოპულარული რამდენიმე პლატფორმა არსებობს, მათ შორის: Upwork, Fiverr, PeoplePerHour, Freelancer. მზარდი კონკურენცია ამ პლატფორმებზე (Upwork-ზე დაახლოებით 12 მილიონი რეგისტრირებული ფრილანსერია) ცხადად მიუთითებს ფრილანსერობის პოპულარიზაციაზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრილანსერობისა და დამოუკიდებელი კონტრაქტორობის ზუსტი განმარტების უქონლობის გამო ხშირად ორივე ტერმინს ურთიერთშენაცვლებით იყენებენ თანამედროვე ჟურნალ-გაზეთებში.
ფორბსის სტატიაში „Is the Future Freelance?“ (Howell, 2019) კირსტი ჰულსი, ციფრული მარკეტინგის კომპანია Manyminds-ის დამფუძნებელი, ფრილანსერობის დადებით მხარეებს განიხილავს. დამსაქმებლის პერსპექტივიდან ჰულსისთვის ფრილანსერი მუშახელი უფრო ეფექტურია და მეტი ნიჭიერი ინდივიდის პოვნის საშუალებას იძლევა, რადგან გეოგრაფიული მდგომარეობა დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. ამას დღევანდელი ტერმინოლოგიით აუთსორსინგი (outsourcing) შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს არის ბიზნესში დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც კომპანია გარეშე პირს/კომპანიას ასაქმებს ისეთი საქმის შესასრულებლად, რომელსაც აქამდე კომპანიის შიდა კადრები ასრულებდნენ. მისი მიზანია ხარჯების შემცირება და ეფექტურობის ზრდა. ამ პრაქტიკას მიმართავენ არა მხოლოდ სრულად ფრილანსერებზე დაფუძნებული, არამედ ტრადიციული კომპანიებიც. ჰულსის კომპანიას თავდაპირველად ტრადიციული კომპანიის სახე ჰქონდა. იგი ამბობს, რომ ახალ მოდელზე გადასვლამ კომპანიის ხარჯები საგრძნობლად შეამცირა (აქ იგულისხმება ოფისის ქირა, გადასახადები და ა.შ.), რაც ჰულსს პოზიტიური ბიზნეს რისკების განხორციელების საშუალებას აძლევს.
ცხადია, ფრილანსერობა ბევრ დაბრკოლებასთანაც ასოცირდება. იგი ჯერ კიდევ არ არის საფუძვლიანად დანერგილი მსოფლიო შრომით ბაზარზე. ამას ემატება ლეგალური მხარეც. მაგალითისთვის, ტერმინი „ფრილანსერი“ ნათლად არ არის განსაზღვრული გერმანიაში (Süß & Kleiner, 2010) იურიდიულ და ეკონომიკურ ფრონტზე. კორპორატიულ პრაქტიკაში ფრილანსერს უწოდებენ იმ ინდივიდებს, რომლებიც ინდივიდუალურად და ავტონომიურად მუშაობენ კონკრეტულ დავალებაზე. გერმანიის ბაზარზე ყველაზე მეტი ფრილანსერი ჟურნალისტიკაში, საკონსულტაციო ფირმებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გვხვდება (Süß & Kleiner, 2010).
იურიდიული გაუმართაობა ბევრ დაბრკოლებას ქმნის საქართველოშიც. გამომდინარე იქიდან, რომ ფრილანსერები ხშირად კონტრაქტის გარეშე მუშაობენ და მათი ანაზღაურება ისეთი კომპანიების გავლით ხორციელდება, როგორიცაა Paypal ან Payoneer, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უნდა იხდიდეს თუ არა საშემოსავლო და საპენსიო ფონდის გადასახადს ქართველი მოქალაქე, რომელიც უცხოური კომპანიისთვის მუშაობს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომლის მიერ მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს (მუხლი 82). ამასთან, „მომსახურების გაწევა განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, თუ მომსახურების გამწევი და მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და გამწევი საქართველოს რეზიდენტია“ (მუხლი 103). აქედან გამომდინარე, ფრილანსერებზე მოქმედი კანონმდებლობა რამდენადმე ბუნდოვანია და არ ითვალისწინებს სამუშაო ძალების მრავალფეროვნებას.
მნიშვნელოვანია სრულად გავითავისოთ ფრილანსერობის და, ზოგადად, გიგ ეკონომიის თავისებურებები. ფრილანსერობა არ არის მკაცრად ერთი სახის და არსებობს უამრავი ვარიაცია. სწორედ ეს არის მისი მთავარი ხიბლი - მოქნილობა. ფრილანსერობა ასევე შეგვიძლია დავახასიათოთ ავტონომიის მაღალი დონით, რაც გამორიცხავს სამუშაოს მიმართ გაუცხოებას და დადებითად მოქმედებს სამუშაოს შესრულების დონეზე. მისი კიდევ ერთი უპირატესობა სამუშაო-ცხოვრების ბალანსია (work-life balance), რაც დიდ დეფიციტს განიცდის მსოფლიო შრომით ბაზარზე.
ფრილანსერობის კიდევ ერთ მახასიათებლად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ იგი ექსტენსიურ პერსონალურ ბრენდირებას მოითხოვს. ექსკლუზიური კონტრაქტის არარსებობის გამო ფრილანსერები არ ასოცირდებიან თავიანთ დამსაქმებელთან, მაგრამ ისინი ასოცირებულნი არიან (არა ყოველთვის) კონკრეტულ პლატფორმასთან (Kalleberg & Dunn, 2016), მაგალითად Upwork-თან, სადაც განათავსებენ თავიანთ ინფორმაციას ისეთი მანერით, რომელიც მაქსიმალურად მიიპყრობს დამსაქმებლის ყურადღებას.
ფრილანსერებისა და გიგ ეკონომიის სხვა წარმომადგენლების შესახებ ჩატარებული მეცნიერული კვლევების სიმწირის გამო რთულია დაბეჯითებით ვიმსჯელოთ ამ პრაქტიკის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ტრადიციული სამუშაო გარემოდან და მისი სოციალური დატვირთვიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახლიდან მუშაობა (რაც ასე დამახასიათებელია ფრილანსერებისთვის) სოციალურ დეპრივაციასთან უნდა იყოს კავშირში. ლიტერატურის ანალიზი (Flinchbaugh et al., 2020) აჩვენებს, რომ სოციალური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენენ ეფექტურობაზე. სიღრმისეული მიმოხილვის შედეგად დადგინდა, რომ მომუშავეთა სოციალური ურთიერთობები ზემოქმედებს ორგანიზაციასთან იდენტიფიკაციაზე, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ამ მომუშავის წარმატებაზე. როგორც ჩანს, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები სამუშაო გარემოში მომუშავის ორგანიზაციასთან სიღრმისეული კავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამ ყველაფრის ნაკლებობა ფრილანსერისთვის დამაბრკოლებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
გარდა სოციალური დეპრივაციისა, ფრილანსერობის კიდევ ერთ შეზღუდვად წახალისების ის ფორმები შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებიც კორპორატიული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. ამაში იგულისხმება კორპორატიული დაზღვევა, სასწავლო კურსების დაფინანსება, კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ. გარდა ამისა, ინდივიდუალური განსხვავებები დიდ გავლენას ახდენს ფრილანსერის ნაყოფიერებაზე. ზოგი მომუშავე მკაცრად განსაზღვრული დროის განმავლობაში ამჯობინებს მუშაობას, ურჩევნია ზედამხედველობა და გააჩნია დროის მართვის არც თუ ისე ძლიერი უნარები, რის გამოც ფრილანსერობა მისთვის შეუფერებელი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ფრილანსერობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, გათვლილია მაღალი თვითკონტროლის და თვითდისციპლინის მქონე ადამიანებზე, რომლებიც უფრო ნაყოფიერად მუშაობენ ავტონომიურ გარემოში, ვიდრე მკაცრად დისციპლინირებულში (Kalleberg & Dunn, 2016).
ზემოხსენებული შეზღუდვების მიუხედავად და ფრილანსერობის უამრავი დადებითი თვისების გათვალისწინებით, მრავალი ექსპერტი თვლის, რომ გიგ ეკონომია რელევანტურად დარჩება კიდევ დიდი ხნის მანძილზე (Green et al., 2018). მას განიხილავენ, როგორც კონკურენციის ასამაღლებელ ინსტრუმენტს, რომელიც ეფექტურად მუშაობს მრავალ სფეროში. ფრილანს სამუშაოები, ცხადია, დიდ წინაღობას აწყდებიან ტრადიციულ კომპანიებთან. Upwork-სა და მსგავს პლატფორმებს „ბრალი ედებათ“ ტრადიციული, 9-დან 5-მდე სამუშაოების ნგრევაში ისევე, როგორც Uber-ს - ტრადიციული ტაქსის სერვისების ნგრევაში. ამ სერვისების მთავარი ამოცანაა, მყარად შეერკინონ ტრადიციულ, ბევრისთვის მოძველებულ მუშაობის ფორმებს და მათ მხარდამჭერ კომპანიებს, რაც მუდმივი სიახლეების შემოტანას გულისხმობს რელევანტურობის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის თქმა შეგვიძლია ფრილანსერობის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ „მომავალი ფრილანსია“ (Howell, 2019). ფრილანსერობა ავსებს იმ დანაკლისს, რომელიც ტრადიციულ, საშტატო სამსახურებს გააჩნია, მათ შორის – სამუშაო-ცხოვრების ბალანსსა და ავტონომიურობას. ამის მიუხედავად, იგი ცალსახად ვერ იქნება იდეალური მუშაობის ფორმა. როგორც ზემოთ ვნახეთ, წარმატებული ფრილანსერობისთვის ისეთი ინდივიდუალური უნარებია საჭირო, როგორებიცაა თვითკონტროლი, თვითდისციპლინა, დროის მართვა და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ფრილანს სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულებს კორპორატიული კულტურისთვის დამახასიათებელი წამახალისებელი ჯილდოებით, იგი შესაძლოა არამიმზიდველად გამოიყურებოდეს ისეთი ინდივიდისთვის, რომელიც სტაბილურ, სანდო სამუშაოს ეძებს. შესაბამისად, ფრილანსერობა ვერ იქნება ყველასთვის, მაგრამ იგი მეტად დახვეწილ, მოქნილ და მომხიბვლელ ალტერნატივას წარმოადგენს მრავალი სამსახურის მაძიებლისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
Flinchbaugh, C., Zare, M., Chadwick, C., Li, P., & Essman, S. (2020). The influence of independent contractors on organizational effectiveness: A review. Human Resource Management Review, 30(2), 1–19.
https://doi.org/10.1016/j.hrmr.2019.01.002
Green, D. D., Walker, C., Alabulththim, A., Smith, D., & Phillips, M. (2018). Fueling the Gig Economy: A Case Study Evaluation of Upwork.com. Management and Economics Research Journal, 04, 104.
https://doi.org/10.18639/merj.2018.04.523634
Howell, D. (2019, March). Is The Future Freelance?
https://www.forbes.com/sites/davidhowell1/2019/03/21/is-the-future-freelance/#2ed5195d7d11
Kalleberg, A., & Dunn, M. (2016). Good Jobs, Bad Jobs in the Gig Economy. Perspectives on Work, 10–14.
http://lerachapters.org/OJS/ojs-2.4.4-1/index.php/PFL/article/viewFile/3112/3087
Süß, S., & Kleiner, M. (2010). Commitment and work-related expectations in flexible employment forms: An empirical study of German IT freelancers. European Management Journal, 28(1), 40–54.
https://doi.org/10.1016/j.emj.2009.02.002
Vallicelli, M. (2018). Smart cities and digital workplace culture in the global European context: Amsterdam, London and Paris. City, Culture and Society, 12(January), 25–34.
https://doi.org/10.1016/j.ccs.2017.10.001