საბერძნეთიდან საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე 17 პირი, 5 ფეხმძიმე დაბრუნდა

0
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობით სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოს 185 მოქალაქე. მგზავრთა შორის იყო - ონკოლოგიური დაავადების მქონე 17 პირი; 5 ფეხმძიმე და მათი თანმხლები 4 პირი (მეუღლე, შვილი); ქრონიკული დაავადების მქონე 40 მოქალაქე; 18 არასრულწლოვანი და მათი თანმხლები 20 პირი; 14 მოქალაქე, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის დატოვებას და ჰყავს არასრულწლოვანი შვილები საქართველოში; 17 ხანდაზმული, 65 წელს გადაცილებული პირი; კორონავირუსის გავრცელებამდე საბერძნეთში ტურისტულად მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე, ვისაც შექმნილი სიტუაციის გამო აღარ გააჩნდა ფინანსური საშუალება და თავშესაფარი; ასევე, 28 პირი ვინც ტრანზიტულად მგზავრობდა საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის დატოვებას. ასევე, საელჩოს ორგანიზებით მოხდა ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე პირების სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირება აეროპორტამდე. ხოლო სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, მოხდა იმ ჩვენი თანამემამულეების ათენამდე ტრანსპორტირება, ვინც კორნონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვერ ახდენდა დამოუკიდებელ საქალაქთაშორისო გადაადგილებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ. 5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18, 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9, 815 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.
0