საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე იმოძრავებს ავტომანქანების გადაადგილების საპირისპიროდ

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142877 ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპი მაისის ბოლოს სრულდება; ადგილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაობთან ერთად მოეწყო ახალი ავტობუსის ზოლიც, რომელიც გამზირებისგან განსხვავებით, ქუჩის შუა ნაწილშია განთავსებული. ამ ზოლებს შორის მოექცევა გაჩერებები, სადაც მგზავრები ჩამოსვლას შეძლებენ, ავტობუსები კი, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს. მოეწყობა ზებრა გადასასვლელებიც, თუმცა შემცირდება ავტომობილების გადასაადგილებლად საჭირო არეალი. თუ აქამდე ისინი 6 ზოლში მოძრაობდნენ, ახალი სქემით 2 ზოლში მოუწევთ გადაადგილება. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ეს არ გამოიწვევს ადგილზე გამტარუნარიანობის შემცირებას და საცობებს, რადგან წინასწარ გაკეთებული კვლევების საფუძველზე დათვლილი იყო ავტომობილების ნაკადების რაოდენობა, რის შედეგადაც თბილისის მერიამ სატრანსპორტო სქემის ცვლილების გადაწყვეტილეა მიიღო. “ეს არ არის ერთი დღის ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, ამაზე ჩატარებული არის შესაბამისი კვლევა, დათვლილია ავტომობილების ნაკადები, საათობრივად თუ დღიურ რეჟიმში, დროის განმავლობაში რა რაოდენობის მანქანები გადაადგილდებიან ამ კონკრეტულ მონაკვეთზე. ჩვენ ადრეც გვაქვს ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე იმოძრავებს ავტომანქანების გადაადგილების საპირისპიროდ, შესაბამისად, ორივე მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ჩამოსვამს გზის შუა ნაწილში, ზუსტად იქ, სადაც ეს გაჩერებები არის მოწყობილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქალაქში საცობები დავიყვანოთ მინიმალურ დონემდე, თუმცა, პირველ რიგში, მოსახლეობის მხარდაჭერა გვჭირდება და სწორედ ის შესყიდვები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რომელიც დაწყებული გვაქვს, ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი კომფორტული საზოგადობრივი ტრანსპორტი შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას”, - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.
0