მოდერნიზმი • იმპრესიონიზმი • კლოდ მონე

0
მე–19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ხელოვნების მიმდინარეობების ‘’აცდენა’’. თუ ადრე არსებობდა, მაგალითად, ბაროკო, ხოლო მას მოჰყვებოდა– როკოკო, ამჯერად ასე მკაცრად აღარ განისაზღვრა ერთი მიმდინარეობის უპირატესობა. მოდერნიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეალიზმი არ იყო დამთავრებული. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთს აცდა მიმდინარეობის გავრცელება ხელოვნების სხვადასხვა დარგში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოდერნიზმი ერთდროულად არ გამოვლენილა ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობასა და ქანდაკებაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ‘’ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც დიდი ტრანსფორმაციები გამოიწვია დასავლურ საზოგადოებაში’’ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მან ახალი თვალით შეხედა სამყაროს. ‘’იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გამოკვეთეს ახალი მიმდინარეობა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების განვითარება და ქალაქთა რიცხვის სწრაფი ზრდა, ამ ყველაფერს კი თან ახლდა პირველი მსოფლიო ომის შიში.’’ მოდერნისტებმა განსხვავებულად დაიწყეს აზროვნება და მრავალმა მათგანმა რელიგიური რწმენებიც კი უარყო.image1 როდესაც მოდერნიზმზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ფრანგი პოეტის– შარლ ბოდლერის ‘’ბოროტების ყვავილები’’ ( ‘’Les Fleurs du mal ‘’) . მან თავის პოემებში წამოჭრა ისეთი სკანდალური თემები, როგორებიცაა: წმინდა და ბიწიერი სიყვარული, სიკვდილი, დაკარგული უმანკოება, ქალაქის დამხობა და სხვა. პოემებმა არ ჰპოვა დიდი აღტაცება. აღსანიშნავია გუსტავ ფლობერი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მსგავსი თემები წამოსწია (‘’მადამ ბოვარი’’). მან შეაქო პოეტი მსგავსი სიტყვებით : ‘’ თქვენ ნახეთ გზა, რომანტიზმის გაახალგაზრდავებისა, … ისეთი დაუმორჩილებელი ხართ, როგორც მარმარილო, და ისეთივე შორსმჭვრეტელი, როგორც ინგლისის ნისლი’’ (“You have found a way to rejuvenate Romanticism… You are as unyielding as marble, and as penetrating as an English mist”). ამ ყველაფრის მიუხედავად, წიგნი საზოგადო მორალის შეურაცმყოფელად მიიჩნიეს და როგორც მისი დამწერი, ისე მბეჭდავი და გამომქვეყნებელი გაასამართლეს. სხვა მიმდინარეობების მსგავსად, მოდერნიზმი დაუპირისპირდა თავის წინამორბედს–რეალიზმს. მისთვის აღარაა საინტერესო ‘’ადამიანი–როგორც სოციალური ცხოველი’’, მან ყურადღება მიაქცია ჰამლეტისნაირ ადამიანს, საზოგადოებისგან გარიყულს. ამის ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითია– დოსტოევსკის ‘’იდიოტი’’ , რომელიც ავტორის ყველაზე ‘’ავტობიოგრაფიულ’’ ნამუშევრად მონათლეს. საინტერესოა ისიც, რომ ფრიდრიხ ნიცშემ იესო ქრისტე დაინახა მწერლის ამ პერსონაჟში. ისიც აღსანიშნავია, რომ სიტყვა იდიოტი ადრე განსხვავებული დატვირთვით გამოიყენებოდა. იგი ნიშნავდა ‘’კერძო პირს’’ (საზოგადოებისგან გარიყულს), ამიტომ არ არის გასაკვირი გერმანელი ფილოსოფოსის ამგვარი მოსაზრება. მოდერნიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ იგი დაინტერესდა ინტელექტუალებით. ამის საუკეთესო მაგალითია ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის–‘’შიმშილი’’, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს გადასვლა რეალიზმიდან მოდერნიზმზე. მისი მთავარ პერსონაჟის თვისებები მოგვაგონებს რასკოლნიკოვს (დოსტოევსკის გმირს ‘’დანაშაული და სასჯელი’’). თვითონ კნუტ ჰამსუნიც რუსი გენიოსის დიდ გავლენას განიცდიდა. ‘’შიმშილი’’ მოიცავს ნორვეგიელი მწერლის ორ ძირითად: ლიტერატურულ და იდეოლოგიურ მოტივს. მოდერნიზმის მთავარი მიზანია, რომ ჩვენ ვერ დავინახოთ საზღვარი რეალობასა და ოცნებას შორის. მისი მიმდევრები ფიქრობენ, რომ ‘’სამყარო პირდაპირ არაფერს გვეუბნება’’. რეალიზმისგან განსხვავებით, მათ ყველაფერში დაიწყეს სიმბოლოების ძიება და თვლიდნენ რომ ისინი ‘’ანარეკლია მიღმიერისა’’. სწორედ, მათი დახმარებითაა შესაძლებელი ‘’ზეციური იდეის გაშიფვრა’’. მოდერნიზმს არ აინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანები, პირიქით ის ეძებს გადახრას(ყველანაირი გაგებით). ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ლიტერატურაში. მწერლებს აინტერესებთ პერსონაჟები, რომლებიც ‘’ამოვარდნილნი არიან კონტექსტიდან’’. ამ პერიოდის ნამუშევრებში ჩვენ ორი სახის გმირებს გადავაწყდებით: პირველი– ესაა ‘’უძლური ქრისტე’’–‘’ჰამლეტი’’, რომელიც ძალიან კარგი და კეთილია, თუმცა მას აქვს სოციალური დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ ძლევს და ირიყება ხალხისგან. როგორც წესი ამას მოსდევს ნაადრევი სიკვდილი. ქართულ ლიტერატურაში ამის საუკეთესო მაგალითია– თეიმურაზ ხევისთავი (‘’ჯაყოს ხიზნები’’). მეორე ტიპი– ესაა ‘’ზარათუშტრა’’–ძლიერი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ დაბრკოლებას დაძლევს, თუმცა მისი ბედი აუცილებლად ტრაგიკულია. როგორც ზევით აღვნიშნე, ხელოვნების მიმდინარეობები სხვადასხვა დარგში ერთმანეთს აცდა. ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ სად და როდის დაიწყო იმპრესიონიზმი. ‘’ერთნი მას მოიხსენიებენ, როგორც კლასიკურ მოდერნიზმს, მეორენი კი მას ცალკეულ მიმდინარეობად თვლიან. ისე, კი მას არც ერთ დარგში ისე არ დაუმკვიდრებია სახელი, როგორც მხატვრობაში.’’ ვიზუალურ ხელოვნებაში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მან გამოხმაურება სხვა დარგებშიც ჰპოვა, რომლებიც შემდგომში ისტორიას დაამახსოვრდა როგორც– იმპრესიონისტული მუსიკა და ლიტერატურა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ იმპრესიონისტების ნახატებმა ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა თავდაპირველად. საზოგადოებას, რომელსაც აქამდე ამგვარი არაფერი უნახავს, ძალიან გაუჭირდა ჩანაფიქრის აღქმა. სახელწოდებაც – იმპრესიონიზმი, კლოდ მონეს ნახატიდან იღებს სათავეს, (Impression, Sunrise), რომელმაც პროვოცირება მოახდინა კრიტიკოსზე, რომელმაც იხილა ნამუშევრები და მათ შესახებ სატირული მიმოხილვა გამოაქვეყნა იმდროინდელ ჟურნალში.
#მოდერნიზმი
#იმპრესიონიზმი
Tbilisi
0