EMC-იმ "ევოლუშენ გეიმინგის" წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელები შეიტანა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142915 ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შპს “ევოლუშენ ჯორჯიის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას EMC ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, “ევოლუშენ ჯორჯიამ” გამოსაცდელი ვადის პერიოდში სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაათავისუფლა 14 თანამშრომელი, რითაც ზიანი მიაყენა მათ ინტერესებს. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) დასაქმებულების ინტერესების დაცვის მიზნით, 2020 წლის 30 აპრილს, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. EMC წარმოადგენს კომპანიიდან გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათავისუფლებული 14 თანამშრომლის ინტერესებს და ამტკიცებს, რომ შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა, რითაც ზიანი მიაყენა მათ ინტერესებს. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. პანდემიის გამო, სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვიდან მალევე, შპს "ევოლუშენ გეიმინგმა" თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივად დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მოსარჩელეები კომპანიაში თამაშის წარმდგენის პოზიციაზე მუშაობდნენ. გათავისუფლებულთათვის ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის შედეგად ცხადი გახდა, რომ კომპანიამ 1300 დასაქმებულთან, მათ შორის მოსარჩელეებთან, შრომითი ურთიერთობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ყოველგვარი საფუძვლის მითითებისა და დამატებითი განმარტების გარეშე შეწყვიტა. გათავისუფლების თაობაზე წერილობით გადაწყვეტილებაში დამსაქმებელი ერთადერთ გარემოებად უთითებს, რომ დასაქმებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ შესასრულებელ სამუშაოსთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით არის გამართლებული. გამოსაცდელი ვადის პირობა მხოლოდ ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება. გარდა ამისა, შრომის სამართალში მოქმედებს პრინციპი უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის თაობაზე, რაც უფლების სამართლიანი გამოყენების ჩარჩოს ადგენს. მოცემულ საქმეში მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ შრომითი ურთიერთობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაუსაბუთებლად და უკანონოდ შეუწყვიტა და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას წინ არ უძღვოდა დაკავებული თანამდებობების შესაბამისობის გამოვლენის რაიმე ტიპის პროცესი. საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით ცხადი ხდება, რომ მოსარჩელეებთან, როგორც გამოსაცდელი ვადით დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით კომპანიამ თავიდან აირიდა დასაქმებულებისათვის წინასწარი გაფრთხილების პროცედურის დაცვა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, რასაც მას შრომის კოდექსი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ავალდებულებდა. ცხადია, რომ დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნის მასშტაბური პროცესი ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ეფექტებით იყო განპირობებული და არა თანამშრომელთა კვალიფიკაციის შეუსაბამობით. კომპანიის მხრიდან არაერთხელ იყო ცხადი მითითება, რომ გამოსაცდელ ვადაში მყოფი პირების სამსახურიდან დათხოვნის მაპროვოცირებელი გარემოება, სწორედ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და კომპანიის საქმიანობაზე მისი გავლენა იყო. ამ ეტაპზე განიხილება სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი, რისთვისაც სასამართლოს კანონით 5 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული. საქმის მიმდინარეობის თაობაზე EMC ინფორმაციას განახლებულ რეჟიმში მოგაწვდით”, – ნათქვამია განცხადებაში.
0