ყოველწლლიურად გიორგობას იმერლები და არამხოლოდ ისინი გოგნში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სალოცავად ადიან. დღეს პანდემიის გამო ტაძრამდენ მისასვლელი სამანქანო გზა დაკეტილი იყო, თუმცა მრევლის ნაწილმა ტრადიცია მაინც არ დაარღვია და სალოცავამდე ფეხით ავიდა. სავარაუდოდ, მათთვის ამ ტაძრის ისტორია და ღირებულება ცნობილია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რატომაა ასე მნიშვნელოვანი ეს ადგილი მართლმადიდებლებისთვის.
- წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელსაც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული. დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი. აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებიდან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირად ღირებულია. ამ ტერიტორიას ვერ ეხებოდნენ ( ტაძრის წინამძღოლი, მამა იოანე რევიშვილი, ჟურნალი "გზა")
ცნობილი ფაქტია, რომ სოფლის მცხოვრებლებმა არაერთხელ მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, თუმცა ის ყოველთვის ძირს ვარდებოდა. ლეგენდის თანახმად, უეცრად, ხმა გაიგონეს, დაინახეს საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს მოილოცოს და გული მოიოხოს. "კარუგდებელის" დანიშნულება ეს არის.
#გიორგობა
#გოგნი
#kutaisidaily