„ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს გვიმართავს არც ერთი გვერდი, რომელიც დეზინფორმაციას გაავრცელებდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142930 „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს გვიმართავს არც ერთი გვერდი, რომელიც დეზინფორმაციას გაავრცელებდა ან სიძულვილის ენისკენ იქნებოდა მიმართული - ამის შესახებ, პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა. „ახალი არაფერი არ მომხდარა კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სერიოზული პროპაგანდისტია. დღეს, მამუკა მდინარაძემ მისი არსებობა უარყო, რაც სასაცილოა. „ფეისბუქმა“საქართველოში სოციალური ქსელი ბევრჯერ გაწმინდა, მათ შორის პირდაპირ იყო მითითება, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული და აფინირებული საიტები. კოკა ყანდიაშვილისა და შალვა რამიშვილის ტრიო რომ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ტროლები, ბოტები და საჯარო მოხელეები სერიოზულ სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ.რამდენიმე დღის წინ, ჩემს პირად გვერდზე თავად გავხდი საჯარო მოხელეების მხრიდან სერიოზული შეტევის მსხვერპლი, ისინი ტროლებივით მობილიზდნენ. ეს ახალი არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“, – აღნიშნავს დეკანოიძე. დეკანოიძის თქმით, პარტია მიესალმება ნებისმიერი სახის დეზინფორმაციული და სიძულვილის ენის გამავრცელებელი გვერდების გაუქმებას. „რაც შეეხება ჩვენს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვითომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული გვერდი გაუქმდა, მინდა, გითხრათ, რომ ასევე გაუქმდა რამდენიმე ადამიანის პირადი გვერდი. ალბათ, ამას თავად გაარკვევენ, რადგან ეს ადამიანები ტროლები და ბოტები არ არიან, ჩვეულებრივი სუბიექტები არიან, ზოგი პარტიის წევრია, ზოგი აქტვისტია, ვინც ხელისუფლების მიმართ რეალურად კრიტიკას გამოხატავდა. სრული პახუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მივესალმებით ნებისმიერი სახის დეზინფორმაციული და სიძულვილის ენის გამავრცელებელი გვერდების გაუქმებას. მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ სოციალური ქსელი თავისუფალი აზრის გამოთქმის პლატფორმა იყოს. ჩვენ არასოდეს არ გვიმართავს არც ერთი გვერდი, რომელიც დეზინფორმაციას გაავრცელებდა ან იქნებოდა სიძულვილის ენისკენ მიმართული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკის წარმოება დემოკრატიული წესებით, რითაც მთელი ამ ხნის მანძილზე ვიბრძვით. „ქართული ოცნების“ ხელწერა გასაგებია, მაგრამ სოციალურ ქსელში რაც უფრო მეტი ასეთი გვერდი გაუქმედება, მეტ სივრცეს მოგვცემს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანია სიძულვილის ენისგან თავისუფალი იყოს. ასეთ კამპანიაში არც ერთი თეთრი არ დაგვიბანდებია და არც დავაბანდებთ, პირიქით, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია რაც უფრო რადიკალური იქნება, უკეთესია. როგორც ჩანს, „ფეისბუქი“ საქართველოს წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0