ჩეხეთი რუსეთში უსაფრთხოების ოფიცრებს გზავნის

0
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი დიპლომატების შესაძლო საფრთხისგან თავდასაცავად, მოსკოვში უსაფრთხოების ოფიცრებს გაგზავნის. აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტომაშ პეტრჟიჩეკმა განაცხადა. მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც, დედაქალაქ პრაღაში რუსი მარშალის ივან კონევის ძეგლის გადატანის მერე, არარეგისტრირებული პარტია „სხვა რუსეთის“ (Другая Россия) აქტივისტებმა აგრესიული პროტესტი გამოხატეს და აქცია გამართეს. 5 აპრილს მოძრაობა „სხვა რუსეთის“ წევრებმა ქ.მოსკოვში მდებარე ჩეხეთის საელჩოს წინ აქცია გამართეს, საელჩოს ღობეზე მიამაგრეს ტრანსფარანტი წარწერით „შეწყდეს ფაშიზმი“ და ეზოში კვამლის გამშვები „პეტარდები“ ისროლეს. 16 აპრილს იმავე მოძრაობის წევრებმა ახლა უკვე ქ. სანქტ-პეტერბურგში მდებარე ჩეხეთის საკონსულოს წინ გამართეს დემონსტრაცია. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პრევენციული ღონისძიებების გატარების მოთხოვნით, ოფიციალური წერილი მისწერა რუსეთის საგარეო უწყებას. რუსულ მხარეს აქამდე პასუხი არ გაუცია. აპრილის ბოლოს, ოფიციალურმა პრაღამ ძეგლის მოხსნის ინიციატორები გაძლიერებული დაცვის ქვეშ აიყვანა. საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლი პრაღაში 70-იან წლებში დადგეს. 3 აპრილს, დედაქალაქ პრაღის ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დემონტაჟი განხორციელდა. აქვე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ძეგლის რუსეთში გადატანა მოითხოვა, მაგრამ ჩეხური მხარისგან უარი მიიღო. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Czech
#Prague
#statue
#Konev
#Russia
#embassy
#headline
0