ალა პუგაჩოვა იუსტიციის სამინისტროს "უცხოელი აგენტების" სიაში შეყვანის თხოვნით მიმართავს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
18 სექტემბერს რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, რომ შეიყვანონ იგი "უცხოეთის აგენტების" სიაში. ამ ფორმით მომღერალი პირველად გამოეხმაურა რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში და მხარი დაუჭრა მის მეუღლეს, მაქსიმ გალკინს რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უფრო ადრე შეიყვანა "უცხოეთის აგენტების" სიაში.
"მე სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის - წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს", -წერს იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართვაში ალა პუგაჩოვა.
16 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი "უცხოეთის აგენტ" ფიზიკური პირების რეესტრში შეიყვანა. სააგენტოს ვებგვერდზე, გალკინის "უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანის მიზეზად უცხოური დაფინანსების უკრაინიდან მიღებაა მითითებული. უწყების ცნობით, ტელეწამყვანი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პუგაჩოვა და მისი ორი შვილი რუსეთში დაბრუნდნენ. 4 სექტემბერს პუგაჩოვას Instagram-ის გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომელშიც მან კომენტარი გააკეთა ყოფილი საბჭოთა პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალების შესახებ. მანამდე კი მომღერალი მის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრო. "დიდი ხანია ასე არ მიტირია. წავიდა ეპოქა, რომელშიც ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, დავასრულეთ "ბოროტების იმპერია" მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი შვილების მომავლის შიში გაქრა. და რაც მთავარია. გორბაჩოვმა უარყო ძალადობა, როგორც პოლიტიკისა და საკუთარი ძალაუფლების შეინარჩუნების გზა ", - წერს პუგაჩოვა.
მომღერალმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ შეცდომების დაშვება, მთავარია, რომ "ის არ გახდეს საბედისწერო მთელი კაცობრიობისთვის."
https://www.radiotavisupleba.ge/a/32039750.html
Source: radiotavisupleba.ge