აჭარაში შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება

Batumi Daily

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. შემდეგ კვირაში კი, მთავრობა საზოგადოებას გააცნობს აჭარაში შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველი რაც აღდგება ეს იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. „პირველი რაც აღდგება, იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს საკითხი უკვე განიხილება და დგას ჩვენს დღის წესრიგში. შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ეპიდემიის მართვასთან ერთად, აბსოლუტურად ბოლომდე გვესმის, რომ ეს შეზღუდვები მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის უამრავ მოქალაქეს." - განაცხადა მან ბრიფინგზე. მისივე თქმით, დაზუსტდება სკოლებისა და ბაღების განახლების თარიღებიც. "ვიცით, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას. ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი. ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ არსებულ ეპიდვითარებას. შემდეგ კვირას კონკრეტული თარიღებით ვისაუბრებთ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რიჟვაძის განცხადებით, ეპიდემია აჭარაში უკვე სტაბილურად იმართება, რაც იძლევა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19 - ის შესაკავებლად შეზღუდვები აჭარაში 25 სექტემბერს დაწესდა. კერძოდ, აიკრძალა ადგილობრივი და რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საღამოს ათი საათის შემდეგ რეგიონში არ მუშაობს რესტორნები და კაფე-ბარები. აგრეთვე, სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #აჭარა #შეზღუდვები #ბათუმი