30 მარტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139723
30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.
ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.
რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტპროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნული ინიციატივისთვის განათლების მინისტრს მადლობა გადაუხადა.