კადიროვი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ უკრაინაში "სპეცოპერაცია დაჩქარდება"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მოსკოვში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. 2 ივნისს გამართული „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრის“ შესახებ, კადიროვი დღეს, 3 ივნისს წერს ტელეგრამ-არხზე. კადიროვის თანახმად, „საგნობრივად განიხილეს უკრაინაში დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის სპეცოპერაციის ჩატარების საკითხები და ურთიერთქმედების შემდგომი გზები განსაზღვრეს“. კადიროვის განცხადებითვე, შოიგუმ „განსაზღვრა ახალი ამოცანები, რაც გულისხმობს შემდგომი ტაქტიკის გაუმჯობესებას“. ჩეჩნეთის მეთაურის მტკიცებით, ეს ზომები ბევრად გაზრდის „შემტევი მანევრების ეფექტურობას, რაც ხელს შეუწყობს სპეცოპერაციის უფრო დაჩქარებული ტემპით ჩატარებას“. კადიროვი იმასაც წერს, რომ შოიგუმ მადლობა გადასცა ჩეჩენ მებრძოლებს „ნაციონალისტური და ბანდერული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მაისის შუა რიცხვებში გავრცელებული მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციაში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მონაწილეობდა დაახლოებით 2500 მებრძოლი, ე.წ. "კადიროველები", მათგან 100 დაიღუპა, დაახლოებით 300 დაიჭრა, ხოლო 60-ზე მეტმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გაიქცა. უკრაინული დაზვერვის თანახმად, "კადიროველები" დაკავებული არიან სახლების ჩხრეკით, მძევლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცინვით, აწიოკებითა და ძარცვით.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31881809.html

Source: radiotavisupleba.ge