პრეზიდენტი: დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემიდან 29 წელი გავიდა.
"დღევანდელი დღე დამოუკიდებული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა ყველას ვალდებულებაა! ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს!..
გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრს მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ, ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე; ამას ვხედავთ დღეს, როცა რეაქციები იწყება ამ მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი ის ნიშნებია, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ", - თქვა პრეზიდენტმა.
მემორიალთან პრეზიდენტმა დაგმო ის ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ატარებს.
"ჩვენ ვიცით რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს რეფერენდუმები, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ომის პირობებში ტარდება. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღეს 29 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. აფხაზეთში 13 თვიან სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32054303.html
Source: radiotavisupleba.ge