სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აბრალებენ ზავის დარღვევას, გრძელდება დიპლომატიური მცდელობები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური მცდელობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ორმა მხარემ ერთმანეთს დასდო ბრალი აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავის დარღვევაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დიპლომატიური გზით გადაჭრან პრობლემა და დაიცვან საზავო შეთანხმება, რომელიც 26 ოქტომბერს დაირღვა. ამასობაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 40 დაიჭრა ქალაქ ბარდაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. წინა დღით იტყობინებოდნენ ბარდაში ოთხი სამოქალაქო პირის სიკვდილზე. ერევანმა უარყო თავდასხმები და 28 ოქტომბრის განცხადებას „უსაფუძვლო და ყალბი“ უწოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, 27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ 83 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 362 დაიჭრა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 27 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. კრემლის განცხადების თანახმად, საუბრის თემა იყო რუსეთის მხარის კონტაქტები აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან და „ზავის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევისა და კრიზისის დეესკალაციისთვის გადადგმული ნაბიჯები“. ეს პუტინისა და ერდოანის მეორე სატელეფონო საუბარი იყო სექტემბრის ბოლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ. მთიანი ყარაბაღის გარშემო ვითარება აჩენს სამხრეთ კავკასიაში უფრო ფართო მასშტაბის კონფლიქტისა და მასში ნატოს წევრი თურქეთის ჩართვის შიშებს. თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირეა, რუსეთს კი სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30917320.html #ახალი_ამბები #twitter