შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვართან. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის წყაროთა ინფორმაციით, დღეს დილიდან შეტაკებებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად ტაჯიკეთში დაღუპულია 1 სამოქალაქო პირი. სააგენტო „აზია პლუსის“ თანახმად, მოკლულია 1 ტაჯიკი მესაზღვრე.
ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახური შეიარაღებული დაპირისპირების განახლებაში ყირგიზეთის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების სამხედროებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქ ისფარის რაიონში და საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.
თავის მხრივ, ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ტაჯიკეთი დაადანაშაულა ყირგიზეთის ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის მცდლობების მიუხედავად, ტაჯიკეთი განაგრძობს კონფლიქტის რაიონში მძიმე ტექნიკის თავმოყრას და ყირგიზეთის ტერიტორიის დაცხრილვას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევისა და ყირგიზეთის ბატკენის რაიონში სასაზღვრო და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის გამო და მოსაზღვრე რაიონებიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოითხოვა.
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის კონფლიქტი სადავო ტერიტორიებს უკავშირდება. ორ ქვეყანას შორის 900-კილომეტრიანი საზღვარია, რომლის დაახლოებით ნახევარი დემარკაციის გარეშეა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32036406.html
Source: radiotavisupleba.ge