საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

0
"საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს დაუდგინდა covid 19 ვირუსი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაუკავშირდა რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს. მამა კახაბერმა ჩვენთან საუბრისას ბრძანა, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში ინფიცირებული არ არის, თუმცა ახალი კორონავირუსი დაახლოებით 1 მაისს დაუდასტურდა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, რის შემდეგაც ტაძრის დანარჩენი მღვდელმსახურები და მრევლი გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ტაძარს კი ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ამჟამად covid 19 ვირუსის სხვა დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები აქვს მრევლის რამდენიმე წევრს. ამასთან, მამა კახაბერის თქმით, არანაირი საბაბი იმისა, რომ ინფექციის გადადების წყაროდ ზიარება და ღვთისმსახურება ვივარაუდოთ, არ არსებობს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციაში ღიაა ყველა დაწესებულება, სავაჭო ცენტრი და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ტრანსპორტი, რაც ზრდის ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაძლებლობას. 1 მაისამდე ტაძარში ყველა სააღდგომო და მიმდინარე ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა. ვირუსის გავცრელების წყარო ტაძარი რომ ყოფილიყო, 120 ადამიანზე მეტი მაინც დაინფიცირდებოდა, რაც, ღვთის მადლით, სახეზე არ გვაქვს. ამას გარდა, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მღვდელ მირონ კანთელაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, მასაც covid 19 აქვს თუ უბრალოდ სეზონური ვირუსია. თავად დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელადაა, თვითიზოლაციაში იმყოფება და ვირუსის ნიშნები არ აქვს", - აცხადებენ საპატრიარქოში.
0