"ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან"

0
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით თბილისის მიერ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციისთვის დაბარების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის გაწვევა შეცდომაა. „ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციის შემდეგ, მხარეები გაიგებენ, რომ სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს. „რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“, -დასძინა ზელენსკიმ. სააკაშვილი თანამდებობაზე 7 მაისს დაინიშნა. როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.
0