ვაი! სიზმარი არაა, ცხადში ხდება

0
გვინდა, რომ ცუდი სიზმარი იყოს, მაგრამ არა. გავიღვიძეთ, თვალები მოვიფშვნიტეთ და რეალობაა: კლაკსვიკი (ფარერები) - დინამო (თბილისი) 6:1. გვინახავს ტირანა, ბოტევი და ბევრი უბედურება, მაგრამ ეს უკვე წითელი ზოლის იქით გადაბიჯებაა. ამის იქით აღარაფერია. თბილისის დინამოს 6 გოლი გაუტანა ნახევრადსამოყვარულო გუნდმა, რომლებიც შეთავსებით თამაშობენ ფეხბურთს: თევზაობენ, ან ცხვარს მწყემსავენ. ფარერებზე ეს ორი ძირითადი პროფესიაა. მთელმა ევროპამ გაიგო ეს ანგარიში. თავი კიდევ ერთხელ მოგვეჭრა. და არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ უნდა შევიდნენ დინამოს ბაზაზე, როგორ უნდა ჩაიცვან დინამოს მაისურა და როგორ უნდა თქვან, რომ დინამოელები არიან?! რას გვერჩით ამდენ გულშემატკივარს - რა დაგიშავეთ, ვისაც ნამდვილად შეგვტკივა გული წაგებებზე. გაგვიგია, თბილისის დინამო ადრე ამხანაგურ მატჩებს რომ მართავდა შვედეთისა და დანიის კლუბებთან, ზოგჯერ ძირითადებს არც აყენებდა, დუბლებითაც სჯობდაო. ფარერის კუნძულები მაშინ საერთოდ ფიფას წევრიც არ იყო, ან რა მოსატანია შვედეთისა და დანიის დონესთან?
0