კალაძე: კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო სანქციებში და ომში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო სანქციებში და ომში, აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე. „მერე გვეუბნებიან, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებს, თურმე „გლახა“ ადგილზე ვცხოვრობთ. თქვენ დალოცვილებო, 30 წელია ვიბრძვით იმისკენ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ და რაღაც რეფორმები განვახორციელოთ, ახლა გაიგეთ, საქართველო სად იმყოფება და სად არის მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა?!“, - თქვა კალაძემ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს წამოუყენა 12 პირობა, როგორებიცაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო. თუმცა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველო დასაჯეს.  „საქართველო იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ 3 ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველანაირი რეფორმებით. გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკრაინას ვაძლევთ იმიტომ, რომ უკრაინა ომში ჩაერთოო“, - თქვა მან.  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31910348.html

Source: radiotavisupleba.ge